24-04-2023
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც საქართველოს დელეგაცია მაქსიმალურად ახმოვანებს იმ პოზიციებს, რაც, პირველ რიგში, ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომელიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
მიქანაძის თქმით, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ეს პლატფორმა გამოიყენონ ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის, პოლიტიკურ ჯგუფში კონსულტაციებისთვის, რაც მიზნად ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას ისახავს.
„საგაზაფხულო სესიაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ ჩვენ გვექნება არაერთი შეხვედრა, როგორც მთელ დელეგაციას, ასევე ინდივიდუალურ წევრებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვდება ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის იმ წევრებს, რომლებიც საქართველოს თაობაზე ანგარიშის მომზადებაზე არიან პასუხისმგებელი. მათთვის მოხდება ინფორმაციის გაცვლა იმ რეფორმების თაობაზე, რომელიც 12 რეკომენდაციის ფორმატში ხორციელდება და ფაქტობრივად დასკვნით ფაზაშია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დებატები გაიმართება. ევროპის საბჭო ემზადება რეიკიავიკის სამიტისთვის, რომელიც მაისში უნდა ჩატარდეს. სწორედ ამ სხდომისთვის გაიმართება სპეციალური დებატები, რომელიც განსაკუთრებით შეეხება იმ საკითხს, რაც რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის გავლენას ეხება ევროპის კონტინენტზე. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ადამიანის უფლებათა სასამართლოს აღსრულებასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშის განხილვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, სადაც საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია“,- აღნიშნა მიქანაძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართავს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი და ყურადღება გამახვილდება იმ აქტუალურ საკითხებზე, რომელიც კონტინენტზე დგას ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
„დელეგაციის წევრები აქტიურად ვიქნებით ჩართულნი იმ კომიტეტების მუშაობაში, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში, სესიის პარალელურად იქნება. უკვე იქ მიმდინარე და კონკრეტულ საკითხებზე იქნება მსჯელობა. 12 რეკომენდაციის შესრულება არის დასკვნით ეტაპზე. ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით, რომ ცვლილებები საბოლოოდ იყოს მიღებული და კანონის სახე მიეცეს.
პარალელურად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფორმატში მიმდინარეობს მსჯელობა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნებზე, რაც სასამართლო რეფორმას ეხება. აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კომიტეტის მიერ შემუშავებულ და გაგზავნილ კანონპროექტზე არც ვენეციის კომისიას და არც ეუთო/ოდირს რაიმე შენიშვნა არ ჰქონია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კომიტეტის მიერ შემუშავებული კანონპროექტი პოზიტიურად იყო შეფასებული. თუმცა იყო დამატებითი რეკომენდაციები, რაზეც კომიტეტი აგრძელებს მსჯელობას. ჩვენი სრული მზაობაა, რომ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე 12-ვე რეკომენდაცია შესრულდეს. ჩვენ სრული მზაობა გვაქვს, რომ ევროკავშირის წინაშე წარვსდგეთ 12 რეკომენდაციის შესრულების ძალიან მაღალი ხარისხითა და სტანდარტით.
იმედი გვაქვს, რომ წელს გამოსწორებული იქნება ის შეცდომა, რაც ევროკავშირის მხრიდან შარშან იყო დაშვებული და მიღებული იქნება სწორი და დამსახურებული გადაწყვეტილება იმასთან მიმართებაში, რომ საქართველოს წელს მიენიჭოს ევროკავშირის სტატუსი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
16-11-2024
16-11-2024