10-08-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ფ.წ. და 1989 წელს დაბადებული მ.თ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, 1987 წელს დაბადებულ მ.თ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, შ.დ. საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან ბათუმში, ნაქირავებ ბინაში წაიყვანეს, სადაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრალდებულები სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების, ასევე, ძალადობის გამოყენების მუქარითა და ძალადობით შ.დ.-სგან დიდი ოდენობით თანხას ითხოვდნენ. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ მათ 10 000 ლირა გადასცა. გამომძალველებმა დაზარალებულისა და მისი მეუღლის კუთვნილი პლასტიკური ბარათებიდან 1 500 ლარიც მიითვისეს, რის შემდეგაც შ.დ. სარფში დატოვეს, რათა მას საქართველო დაეტოვებინა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტებთან ერთობივად ფ.წ. ბორჯომში, მ.თ. კი კახეთში დააკავეს. მიმალვაში მყოფ მ.თ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი და ის იძებნება.
გამოძიება ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
19-12-2024
18-12-2024