26-04-2023
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. სამიტმა უნდა შეაფასოს უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა ევროპაზე. დებატებში მონაწილეობდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი.
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ მოხსენებაში საქართველოზეც ისაუბრა. მისი თქმით, სხვა მნიშვნელოვან ფაქტებთან ერთად მსოფლიომ სათანადო რეაგირება რუსეთის 2008 წლის ქმედებებზე არ იქონია, რამაც, საბოლოოდ, უკრაინის ომამდე მიგვიყვანა.
„როდესაც ოთხ თებერვალს გზაჯვარედინთან მივედით, არჩევანი ნათელი იყო, თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. როდესაც რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია განახორციელა, მაშინ პასუხი სუსტი იყო. 2014 წლის გზაჯვარედინი გაცილებით საბედისწერო იყო, ვიდრე ის, რომელსაც ერთი წლის წინ წავაწყდით. ყველაზე გადამწყვეტი არჩევანი კი შეიძლება ითქვას, რომ 2008 წელს იყო, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, რათა სამხრეთ ოსეთის ანექსია განეხორციელებინა. პუტინის რუსეთის თითოეული ამ გზაჯვარედინის გაანალიზების შემთხვევაში მივხვდებოდით, რომ იმ შედეგამდე მივდიოდით, რომელსაც დღეს უკრაინაში ვადევნებთ თვალს. წარსულის შეცდომებზე რომ ვისწავლოთ, იგი უნდა გავიაზროთ.“, - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სორდის კოლბრუნ გილვადოთირიმ.
„ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მომხსენებელს მიმართა კითხვით, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვას ეხებოდა.
„მადლობას გიხდით, რომ სამიტის დეკლარაციაში უკრაინასთან ერთად ხაზგასმულია რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგაც. სამწუხაროდ, დღეს მსოფლიო ბევრი ტიპის ოკუპაციას და კონფლიქტს ადევნებს თვალს. თქვენ ახსენეთ, რომ მულტილატერალიზმის ძალის გჯერათ. ამ კუთხით, რა ტიპის საერთაშორისო მექანიზმი შეიძლება შემუშავდეს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დაცვის საკითხს ვუპასუხოთ?“ - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პასუხად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
„მულტილატერალიზმის გამოწვევა ყოველთვის იმაშია, რომ მას დრო სჭირდება და პატარა ნაბიჯებით მიიწევს წინ. მინისტრთა კომიტეტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მინისტრებს არაერთხელ გაუსვამთ ხაზი, რომ დე ფაქტო მთავრობების მიერ რუსეთის მხარდაჭერით გადადგმული ნაბიჯები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ დე ფაქტო მთავრობებს, შეწყვიტონ ეს ქმედებები“, - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სორდის კოლბრუნ გილვადოთირიმ.
16-11-2024
16-11-2024