გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ გურამიშვილი: საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმა კომლექსურია და ეტაპობრივად განხორციელდება

26-04-2023

„საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმა მნიშვნელოვანი და კომპლექსური თემაა - ჩვენს მოქალაქეებს, მგზავრებს ეს საკითხი დიდი ხანია აწუხებს და აუცილებელია, რომ საქართველო ისევე, როგორც სხვა მიმართულებით, ამ მხრივაც ინტეგრირდეს მსოფლიო ცივილურ სატრანსპორტო სისტემაში. მნიშვნელოვანია, რომ მგზავრების უსაფრთხოება დაცული იყოს", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი.


საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა ქვეყნის შიგნით საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და ზოგადად, ამ სფეროს მოწესრიგების, შესაბამისად, რეფორმირების აუცილებლობაზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გარდა კომფორტისა, მგზავრმა თავი დაცულად იგრძნოს. ამასთან, სექტორში დღესდღეობით არსებული გამოწვევები კომპლექსური სახისაა და მოიცავს არა მხოლოდ ავტოსადგურებს, არამედ გადამყვან ოპერატორებს, რომლებიც მგზავრებს ხშირად გაუმართავი, ან მეტიც, ისეთი ტრანსპორტით ემსახურებიან, რომელიც მგზავრთა გადასაყვანად საერთოდ არაა განკუთვნილი.


საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ განიხილა. რეფორმის ფარგლებში მოხდება ავტოსადგურების სერტიფიცირება და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების განებართვიანება, რაც უზრუნველყოფს საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას და უსაფრთხოების დონის ამაღლებას, ასევე შეიქმნება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. გარდა ამისა, რეფორმა მნიშვნელოვანია ქვეყნის ავტოსატრანსპორტო სისტემის ევროპულ და მსოფლიო სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისა და ტურიზმის განვითარებისთვის, ის ხელს შეუწყობს სამგზავრო გადაყვანების სფეროში მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი და გამოცდილი კადრების დასაქმებას.


„რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, კომპლექსური პრობლემა და დიდი რეფორმაა. სწორედ ამიტომ რეფორმას ეტაპობრივი სახე ექნება და ეს ეტაპები პარალელურად განხორციელდება როგორც მგზავრთა გადაყვანის ოპერატორებისთვის, ასეეე ავტოსადგურებისთვის. რას გულისხმობს ეს - პირველ ეტაპზე პარლამენტი ამ კანონს დაამტკიცებს, რისი მოლოდინიც ჩვენ 2023 წლის შემოდგომისთვის გვაქვს. 2024 წლის 1 მარტამდე კი იმ პირებზე, ვინც მგზავრების გადაყვანით არიან დაკავებულნი, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაიცემა შესაბამისი ნებართვა",- განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ნებართვის მისაღებად აუცილებელი პირობებია:


- ტექინსპექტირება გავლილი სატრანსპორტო საშუალება;
- ავტომობილი მგზავრების გადაყვანისთვის უნდა იყო განკუთვნილი;
- წარმოდგენილ უნდა იქნეს ინფორმაცია მარშუტის შესახებ, ასევე ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ და ნარკოლოგიური კვლევის შედეგები;


რაც შეეხება ავტოსადგურებს:


- ისინი მოემსახურებიან მხოლოდ ნებართვის მქონე მგზავრთა გადამყვანს, ნებისმიერ ოპერატორს სიმძლავრის ფარგლებში. ასევე ავტოსადგური უნდა აკმაყოფილებდეს დღეისათვის მოქმედ ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს.

რეფორმის მეორე ეტაპის დაწყება იგეგმება 2025 წლის 1 მაისიდან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930