გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტზე: უმაღლესი დონის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი ძალისხმევა დასრულდეს წარმატებით და კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს - ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი

26-04-2023

იმ ფონზე, რომ ევროკავშირი განიხილავს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - დეკემბერში უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, რა თქმა უნდა, პრემიერის ვიზიტს ბრიუსელში ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა. მას ჰქონდა უმაღლეს დონეზე შეხვედრები, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვაზე კომენტირებისას განაცხადა.   

 

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკურ ჭრილში იქნება მიღებული, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მაღალი დონის შეხვედრების გამართვა. 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში ძალიან წარმატებული იყო. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ბრიფინგის ჩაშლის თაობაზე, კობახიძემ ამ ფაქტს სპეკულაცია და კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მიმართული კამპანია უწოდა.  

 

 „ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი ძალისხმევა დასრულდეს წარმატებით და მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. საბოლოო ჯამში, ეს  გადაწყვეტილება მიღებული იქნება პოლიტიკურ ჭრილში, აქედან გამომდინარე, უმაღლეს დონეზე პოლიტიკურ შეხვედრებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ რა თქმა უნდა, დეტალებთან დაკავშირებითაც გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის, იმ შეხვედრებზე, რომლებიც დახურულ კარს მიღმა წარიმართა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი.

 

სპეკულაციებს რაც შეეხება, არავითარი ბრიფინგი დაანონსებული არ იყო. ხელოვნურად  მოიგონეს არარსებული ბრიფინგი და შემდეგ გამოაცხადეს ამ ბრიფინგის ჩაშლის თაობაზე - ასეთი სპეკულაციები სჩვევია ხოლმე რადიკალურ ოპოზიციას. მათ სხვა ინსტრუმენტები არც აქვთ დარჩენილი იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აწარმოონ კამპანია“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930