26-04-2023
სტრასბურგში ვიზიტით მყოფი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპარლამენტო დელეგაციის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი და ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი, თამარ ტალიაშვილი, ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნს და ედიტა ესტრელას შეხვდნენ, რომლებიც საქართველოს შესახებ ანგარიშს ამზადებენ.
ირაკლი კობახიძემ მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მათ შორის, დეოლიგარქიზაციასთან და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლების მიერ საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, რაზეც ირაკლი კობახიძემ მათ შენიშვნები და მოსაზრებები გააცნო და სიტყვიერი არგუმენტები წარუდგინა. ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც.
„საუბარი გვქონდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, გავაცანით ინფორმაცია იმ პროგრესზე, რომელიც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას, განვიხილეთ, მათი განცხადებაც, რომელიც გაკეთდა თვე-ნახევრის წინ. მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა გარკვეული კრიტიკული შენიშვნები მათ განცხადებასთან დაკავშირებით და ამაზე დეტალურად ვიმსჯელეთ. მთლიანობაში, გვქონდა ძალიან საქმიანი, მეგობრული შეხვედრა, განვიხილეთ ყველა დეტალი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მათ შორის, 12 პუნქტს უკავშირდება. 12 პუნქტზეც გავუზიარეთ დეტალურად ინფორმაცია, ვაცნობეთ, რომ საპარლამენტო კომიტეტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით გაიარა, შემდეგ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, ახლა ველოდებით დასკვნას.
ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ ვგეგმავთ როგორც სისტემური მიდგომით, ისე ე.წ. პერსონალური მიდგომით ცვლილებების განხორციელებას, ანუ, გაგრძელდება სისტემური რეფორმები და ამასთან ერთად, მივიღებთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს. მათ მოიწონეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის გაგზავნა ვენეციის კომისიაში, გვითხრეს, რომ დაელოდებიან ვენეციის კომისიის მორიგ დასკვნას და ამის შემდეგ გვექნება დისკუსიის საშუალება. ასევე, დეტალურად ვისაუბრეთ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ყველა დეტალი გავუზიარეთ, რაც კანონპროექტის შემუშავების პროცესს უკავშირდება. მთლიანობაში იყო საქმიანი საუბარი ყველაფერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, ერთად ვიმსჯელებთ საბოლოო პაკეტებზე, როდესაც ერთი და მეორე მიმართულებით პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024