გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თემურ ბასილია: გაკვირვებას იწვევს ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადება, რომ თითქოს ლარის კურსთან დაკავშირებით არაფერი სერიოზული არ ხდება

11-08-2018

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, თემურ ბასილია საქართველოში ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის ფაქტს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ რუსეთსა და თურქეთში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაა მოსალოდნელი, რაც საქართველოზე აუცილებლად ჰპოვებს ასახვას.
"აშშ-მ პრაქტიკულად სავაჭრო ომი გამოუცხადა თურქეთს. ეს გახლავთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადება, რომელიც მან თვითერზე გამოაქვეყნა: "მე დავალება მივეცი, რომ გაორმაგდეს ტარიფები ლითონის და ალუმინის ნაწარმზე თურქეთთან მიმართებაში რამდენადაც მათი ვალუტა, თურქული ლირა მკვეთრად ეცემა ჩვენი ძალიან ძლიერი დოლარის მიმართ! ალუმინი დაიბეგრება 20%-ით და ლითონი - 50%ით. ჩვენი ურთიერთობები თურქეთთან არ არის კარგი ამ დროისთვის!"


მე მგონი, გასაგებია რომ მეზობელ და ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება; მათ შორის, თურქული ლირა კიდევ უფრო გაუფასურდება, რაც შესაბამისად აისახება საქართველოს ეკონომიკასა და ქართულ ლარზე.


უკვე დავწერე, რომ 23 აგვისტოდან აშშ აწესებს საკმაოდ მძლავრ სანქციების რუსეთის მიმართაც. თუ, რუსეთი არ შეასრულებს აშშ-ის მოთხოვნას, 3 თვის შემდეგ ეს სანქციები კიდევ უფრო გამძაფრდება, რაც პრაქტიკულად აშშ-სა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შეჩერებას გამოიწვევს. ანუ, შესაძლოა რუსეთშიც საკმაოდ რთული ეკონომიკური სიტუაცია შეიქმნას, რაც ასევე აისახება საქართველოზე.


ჩემი გაკვირვება გამოიწვია ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადებამ, რომ არაფერი სერიოზული არ ხდება, რომ ლარის კურსის ვარდნა მხოლოდ დროებითი, მოკლევადიანი მოვლენაა და საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას არაფერი ემუქრება. როგორც ჩანს, ამ განცხადებების ავტორებს, წარმოდგენა არა აქვთ რა მასშტაბის პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა.


პრობლემას კიდევ უფრო გაამძაფრებს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც იმის ნაცვლად რომ ამცირებდეს საგარეო შოკის ზეგავლენას, პირიქით, "ორი დომინანტი ბანკის" ინტერესების გათვალისწინებით და მათი დაკვეთით ზრდის მიმოქცევაში ლარის რაოდებას, რითაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და ხელს უწყობს მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკებას.


გულწრფელად მინდა ვთხოვო ყველას - ეროვნულ ბანკს, მთავრობას კარგად დაფიქრდნენ მოსალოდნელ პრობლემებზე და როგორ აიცილონ თავიდან დამატებითი სირთულეები, მით უმეტეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები კარზეა მომდგარი"-წერს ბასილია სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031