4-05-2023
ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ქართული ღვინისა და ქართული რაგბის პოპულარიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ და საქართველოს რაგბის კავშირის გენერალურმა დირექტორმა, იოსებ ტყემალაძემ.
„საქართველო ღვინის სამშობლოა. შესაბამისად, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ქართველებისთვის ღვინო არის ქართული კულტურის, იდენტობის, ტრადიციების და ისტორიის ნაწილი. რაგბიც, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გამოხატავს ქართველების მებრძოლ სულს და ხასიათს. გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, აღნიშნული მემორანდუმი მნიშვნელოვან შედეგების მოუტანს ორივე მიმართულებას. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება საუკეთესო პლატფორმა ქართული ღვინის და ზოგადად, საქართველოს პოპულარიზაციისთვის. აქ უდიდესი აუდიტორიის წინაშე კიდევ ერთხელ გაჟღერდება, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.
როგორც რაგბის კავშირის გენერალურმა დირექტორმა, იოსებ ტყემალაძემ აღნიშნა, მსოფლიოში რაგბის გულშემატკივრების რაოდენობა დაახლოებით 1.2 მილიარდია. ჩვენი გამარჯვებით ჩვენ მოვიპოვეთ ნდობა, ვართ მეთერთმეტე და გვაქვს კიდევ უფრო დიდი ამბიცია. ჩვენი ამ მაღალი ნდობით გვინდა, ქართული პროდუქტები, პირველ რიგში ქართული ღვინო, შევთავაზოთ მთელ მსოფლიოს.
მემორანდუმის ფარგლებში, ქართული ღვინისა და ქართული რაგბის პოპულარიზაციის მიზნით, რაგბის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დამისი მიმდინარეობის პერიოდში, ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდება. საფრანგეთის იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შეხვედრებია დაგეგმილი, გაიმართება ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები, მოეწყობა ქართული სპორტის უძველესი ისტორიის და ტრადიციების წარდგენა, ჩატარდება კონცერტი.
მემორანდუმის შესაბამისად, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდგომ, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები თანმდევი გახდება ყველა იმ მსხვილი საერთაშორისო ტურნირის, სადაც ქართველი „ბორჯღალოსნები“ მიიღებენ მონაწილეობას.
მემორანდუმის გაფორმების შემდგომ, გაიმართა ყოფილი მორაგბისა და პოლიტიკოსის, ირაკლი ტრიპოლსკის ფილმის „ლელობურთი“ პრემიერა. ფილმი მრავალსაუკუნოვან ქართულ თამაშში „ლელო“ რაგბის ფესვებს და დიდ ბრიტანეთში, „ლელოს“ მსგავსი თამაშის ტრადიციასთან მის კავშირს იკვლევს.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების, რაგბის კავშირის და ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024