გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: "სოციალ-დემოკრატების" ლიდერების განცხადება, დამაფიქრებელია, ხაზგასმა, რომ ევროპულ ოჯახში კონსერვატიულ ღირებულებებს არაფერი ესაქმება - იგივეა, გვითხრან, რომ ილია ჭავჭავაძის ღირებულებებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან

9-05-2023

სოციალ-დემოკრატების ლიდერების განცხადება, ცოტა არ იყოს დამაფიქრებელია, დამაფიქრებელია ასეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვხედავთ, კერძოდ, ხაზგასმა იმაზე, რომ ევროპულ ოჯახში კონსერვატიულ ღირებულებებს არაფერი არ ესაქმება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, უნგრეთში გამართულ კონფერენციაზე საუბარი იყო ოჯახზე, სამშობლოზე და რწმენაზე.

 

მისი თქმით, გასაკვირია, როდესაც ცალკეული ადამიანები ამბობენ, რომ ევროპასთან არაფერი აქვს საერთო ისეთ ღირებულებებს, როგორიც არის ოჯახი, სამშობლო, რწმენა. ეს ფაქტობრივად იგივეა, რომ მათ გვითხრან, ილია ჭავჭავაძის ღირებულებებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, რაც არასწორია.

 

,,ძალიან გამიკვირდებოდა, თუ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება ოჯახს, სამშობლოს, რწმენას. ეს ფაქტობრივად იგივეა, რომ გვითხრან, რომ ილია ჭავჭავაძის ღირებულებებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან. წლებია, ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, ევროინტეგრაციის კუთხით ჩვენი დამოკიდებულება გამოავლინოს და ეს არის სწორედ ის ფასეულობები, რაც ჩვენს ერს გააჩნია. ეს თავის მხრივ ევროპულ გზას აჩვენებს ჩვენი ქვეყნის – მამული, ენა, სარწმუნოება. ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული ჩვენი ევროპაში სწრაფვა.

 

თუ ეს ნიშნავს იმას, რომ მამული, ენა და სარწმუნოება არ არის ის ღირებულება, რომელიც ევროპაში მისაღებია კონკრეტულად ამ ფრაქციის მხრიდან, რა თქმა უნდა, ძალიან იმედგამაცრუებელი იქნებოდა. დემოკრატია ერთ მარტივ პრინციპს ეფუძნება – ეს არის წარმომადგენლობითი დემოკრატია, როცა ხალხი მის ხელისუფლებას ირჩევს და კიდევაც იგულისხმება, რომ ხელისუფლება მის ხალხს წარმოადგენს.

 

ასე, რომ ნებისმიერი მცდელობა ხელოვნური დაყოფის ხალხისა და ხელისუფლების მხოლოდ პროპაგანდაა და ამ პროპაგანდას საქართველოს მიმართ დღემდე მხოლოდ რუსეთი იყენებდა. ჩვენ გვახსოვს, როგორ ულოცავდა რუსული ხელისუფლება ამა თუ იმ დღესასწაულს მოსახლეობას და არა – ხელისუფლებას.

 

ეს არის ზუსტად რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღი, რომ ერთმანეთისგან გამიჯნოს ხალხი და ხელისუფლება, ისაუბროს, თითქოს ხალხზე ზრუნავს, ხოლო ხელისუფლება არ წარმოადგენს ხალხს. საბოლოო ჯამში, ამ პროპაგანდის ბოლო ეტაპის არის ის, რომ სინამდვილეში თავად პროპაგანდისტები ან ის ხალხი, ვინც ზუსტად იმ პროპაგანდას მიმართავს, რომ ხალხს და ხელისუფლებას მიჯნავს, შემდეგ თავად თქვან, რომ ისინი წარმოადგენენ ხალხს და ისინი უფრო მეტად იზიარებენ ხალხის ინტერესს.

 

სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვხედავთ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან, როცა ხდება ყოველ მეორე წინადადებაში აპელირება იმაზე, ხალხს რა უნდა და თითქოს მათ იციან – არა საქართველოში არჩეულმა პოლიტიკოსებმა, არამედ ადამიანმა, ვინც „ტვიტერის“ მიღმა საქართველო რა არის საერთოდ წარმოდგენა არ აქვს. თითქოს, მათ იციან, რა უნდა ქართველ ხალხს და ისინი წარმოადგენენ, თითქოს ქართველ ხალხს. ეს არის ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდის იარაღი.

 

 საზოგადოებას რაც უნდა მოვუწოდოთ, არის ის, რომ ნებისმიერი უცხოელი პოლიტიკოსი, რომელსაც შევატყობთ, რომ ლექსიკონში ექნება ქართველ ხალხზე გადაჭარბებული ხაზგასმა, რომ ქართველ ხალხს რაღაც უნდა თუ არა, ყველამ ასეთ პოლიტიკოსს ეჭვის თვალით შევხედოთ, რადგან ამის უკან რუსეთის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ინსტრუმენტები დგას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930