11-05-2023
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ერინ ელიზაბეტ მაკკიისს შეხვდა.
როგორც ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე აღნიშნა, აშშ-ის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების და გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებში. USAID-თან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორებიც არის: წყლის რესურსების მართვა, დაცული ტერიტორიების განვითარება, სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებებით გაწეული მხარდაჭერა, თხილის სექტორის ხელშეწყობა და სხვა არაერთი პროექტი, რაც გასულ წლებში განხორციელდა და ამ ეტაპზეც გრძელდება.
„მოხარული ვარ, რომ აშშ-ში ჩემი წინა ვიზიტის ფარგლებში განხილული საკითხები, რაც უკავშირდებოდა ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებაში ხელშეწყობას, უკვე აისახა USAID-ის პროექტებში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ პროექტის განმახორციელებელ გუნდთან და ველოდებით ხელშესახებ პროგრესს. ასევე აქტიურადვთანამშრომლობთსაქართველოში USAID-ის ადგილობრივ გუნდთან, რომელსაც ბატონი ჯონ პენელი ხელმძღვანელობს და, ვფიქრობთ, გვექნება კიდევ უფრო მეტი თვალსაჩინო წარმატების მაგალითი როგორც დარგის კონკურენტუნარიანობის ამაღლების, ასევე პროდუქციის ექსპორტის ზრდის კუთხით, განსაკუთრებით, აშშ-ის და სხვა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ბაზრებზე“, -განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც ერინ ელიზაბეტ მაკკიისმა აღნიშნა, აშშ-ის საქართველოსთან 30 წლიანი თანამშრომლობა განსაკუთრებით ნაყოფიერია სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.
„ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერასა და პარტნიორობას თქვენთან, რადგან ძლიერი თქვენ, ნიშნავს ძლიერ ჩვენს. ჩვენ ხელს შევუწყობთ საქართველოს ეკონომიკურ ძლიერებას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას”, - განაცხადა ერინ ელიზაბეტ მაკკიისმა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამებზე, ფერმერების მხარდაჭერაზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებისა და მართვის მიმართულებებით; ასევე, ეკოტურიზმში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობაზე.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ახალი მასშტაბური პროგრამის - „ძლიერი სოფლის პროგრამა“ (2022-2027) ფარგლებში, 23.7 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოხმარდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ვაშინგტონში ამერიკის შეერთებულ შტატების სოფლის მეურნეობის მდივნის ოფიციალური მოწვევით იმყოფება.
ერინ ელიზაბეტ მაკკიისთან გამართულ შეხვედრას, მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ზალკალიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024