გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: პარაპლანებით ფრენის რეგულირების წესი, პირველ რიგში, მფრინავის, მომხმარებლისა და მესამე პირის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

11-05-2023

„როგორც კერძო სექტორთან, ასევე სპორტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით შევიმუშავეთ საქართველოს ტურისტულ ბაზარზე ძალიან პოპულარული მიმართულების - პარაპლანებით ფრენის რეგულირების პროექტი, რომელიც, პირველ რიგში, უზრუნველყოფს მფრინავის, მომხმარებლისა და მესამე პირის უსაფრთხოებას" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა პარაგლაიდინგის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც პარაპლანებით უსაფრთხო ფრენების წარმოებისთვის მთავრობის მიერ მომზადებული რეგულაციები განიხილეს.


მინისტრის მოადგილის შეფასებით, ახალი წესები დაეხმარება და მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მისცემს პარაგლაიდინგის წარმომადგენლებს, რომ მათ უსაფრთხოდ, მაღალი სტანდარტებით აღასრულონ თავიანთი მომსახურება და სერვისი.


„რა თქმა უნდა, ამ წესების შესრულებაზე იქნება მკაცრი მონიტორინგი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რეგულაცია უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფს თითოეული იმ ადამიანის უსაფრთხოებას, რომელიც ამ სერვისის მიმწოდებელი თუ მომხმარებელია" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დროებითი წესი საქართველოს მთავრობამ ფრენების უსაფრთხოების, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მიიღო. ნორმატიული აქტი ადგენს ფრენის უსაფრთხოებასთან, სასტარტო მოედნის მოწყობასთან, მფრინავის კომპეტენციის დადასტურებასთან, საფრენი აპარატისა და აღჭურვილობის ვარგისიანობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.


მფრინავებისთვის ფრენის კატეგორიის მინიჭება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმატებით გაივლიან ფედერაციის ბაზაზე შექმნილი საგამოცდო და აღიარების კომისიის დანიშნულ გამოცდას ან კომისია აღიარებს მფრინავის მიერ წარდგენილ, სხვა ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ მფრინავის კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს.


საფრენად დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომელთაც აქვთ ფრენის შესაბამისი კომპეტენცია/კატეგორია ანუ ჩაბარებული ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, რომლის შედეგადაც მიიღებენ ერთწლიან ან სამწლიან ნებართვებს.


საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემას, პარაპლანების ოპერატორების სერტიფიცირებას, მფრინავების კომპეტენციის დადასტურებას, პარაპლანის ვარგისიანობის შემოწმებას, „საქართველოს პარაგლაიდნიგის ფედერაცია" განახორციელებს, ხოლო ფედერაციის საქმიანობის ზედამხედველობას, მის მიერ მოთხოვნების დაცვასა და უფლებამოსილებების განხორციელებაზე კონტროლს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930