11-05-2023
,,უპირველეს ყოვლისა, ეს იყო შედეგი იმ დამოკიდებულების, რასაც სოციალისტები იჩენდნენ "ქართული ოცნების" და მთლიანად, საქართველოს მიმართ,”- ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დატოვებასთან დაკავშირებით.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა,მათი მხრიდან გაუგებარი შეფასებები მოჰყვა პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას იმ კონფერენციაში, რომელიც ეძღვნებოდა ძირითადად ევროპულ ფასეულობებს, ტრადიციებს და ოჯახს.
მისი თქმით, ტრადიციულ ფასეულობებზე დგას ევროპა და გაუგებარია, როდესაც ასეთ თემებზე საუბარს მიიჩნევენ მათი ღირებულებებისთვის შეუსაბამოდ. ამიტომ, სხვა გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელიც იქნებოდა.
,,ჩვენი საზოგადოებისთვის არის მიუღებელი, როცა ასეთი ფასეულობები კითხვის ქვეშ დგება. ამიტომ, ალბათ, სხვა გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელიც იქნებოდა. სამწუხაროდ, ევროპული ინტეგრაციის პროცესში ვნახეთ, რომ მიუხედავად პარტიული სიახლოვისა, ჩვენ ვერ ვგრძნობდით იმ მხარდაჭერას, რაც ამ შემთხვევაში უნდა გამოიჩინოს ოჯახის წევრმა პარტიამ.
ევროპარლამენტის მხრიდან სხვადასხვა რეზოლუცია იქნა მიღებული, რომელსაც სოციალისტების ნაწილმა ზოგჯერ მხარიც კი დაუჭირა. არც გაუკრიტიკებიათ დიდად, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან დადასტურებულად იყო დეზინფორმაციული ჩანაწერები, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და კეზერაშვილის მოხსენიება ხდება, როგორც მედიამაგნატის, რომელიც ზუსტად ევროპელი პენსიონერებისგან ფულის თაღლითურად მისაკუთრებით შექმნა თავისი ქონება.
როცა ასეთ რეზოლუციებს მხარს უჭერენ და არანაირ პროტესტს არ გამოთქვამენ, ესეც აჩვენებს, რომ სამწუხაროდ, სწორი მიდგომა არ ჰქონდათ. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას პოლიტიკურ ურთიერთობას თანაბარ საწყისებზე. ამ მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი პოზიციების ნათლად წარმოჩენას ევროპარლამენტში,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024