14-08-2018
-ყოველ წელს 14 აგვისტოს გვიხდება ქართულ–აფხაზური კონფლიქტის უმძიმეს მოვლენებზე საუბარი, დაღუპული მეომრების მემორიალთან ტრაგიკული ომის ქრონიკების გახსენება. აგვისტო და სექტემბერი ძალიან მძიმე თვეებია გასახსნებლად. 8 და 14 აგვისტო - ქართულ აფხაზური და ქართულ-ოსური შეიარაღებული კონფლიქტები, 27 სექტემბერი - სოხუმის დაცემა, 26 აგვისტო, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ერთი პატარა ქვეყნისათვის ეს იმაზე მეტია, ვიდრე ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს. 26 წლის შემდეგ როგორ უყურებთ შექმნილ სიტუაციას
მრავალჯერ მითქვამს, რომ ჩვენი კონფლიქტი საბედისწერო შეცდომა გახლდათ ორივე მხრიდან. ვერც ქართველებმა და ვერც აფხაზებმა ვერ შევძელით ამ ომის შეკავება. საქართველოს უახლეს ისტორიაში 14 აგვისტო ყველაზე ტრაგიკულ თარიღადაა მიჩნეული. 1992-93 წლისაფხაზეთის ომმა ორივე მხარეს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2008 წლისრამდენიმე დღიანმა ომმა, კოდორი და ახალგორის რაიონიც დაგვაკარგინა და ჩვენი იურისდიქცია სამაჩაბლოშიც შეწყდა. მეზობელი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 20პროცენტს საქართველო დროებით ვეღარ აკონტროლებს. რა მოყვა ამას? დევნილთა უზარმაზარი ტალღა, ძალადობა, სიდუხჭირე, დამცირება, უსამართლობა, მშობლიური სახლ-კარიდან აყრა, დევნილობაში ცხოვრება და მრავალი სხვა. ფაქტობრივად, განადგურდა ერის საუკეთესო წარმომადგენლობა, უამრავი ახალგაზრდა დაიღუპა. დემოგრაფიული თვალსაზრისით, ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა ძალიან დიდი დანაკლისი განვიცადეთ. ერთ პატარა ქვეყანაში ორი კონფლიქტის კერა, საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა. კონფლიქტები რთული სტრუქტურით გამოირჩევა და მასთან გამკლავება პატარა ქვეყნისთვის იოლი ამოცანა არ არის.
ომმა, რომელიც რუსეთის უშუალო მონაწილეობით გაჩაღდა, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მხარე ერთნაირად დააზიანა, ეს ეხება პოლიტიკას, იდეოლოგიას, სამართალს, მორალს, და რაღა თქმაუნდა, ეკონომიკას. საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომით საქართველომ შეძლო ფეხზე დადგომა და ცხოვრების გაგრძელება. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროპის აქტიურობა, მისი კონსოლიდირებული მოქმედება, არ აღიარების პოლიტიკის გატარება, კრემლს აშკარად აღიზიანებს. მოსკოვი ამას ქართული ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციით, მცოცავი ანექსიით და გალისა და ცხინვალის გასამხედროებით, გალელი მოსახლეობის უფლებების უკიდურესი შეზღუდვით პასუხობს. ამას კი ჩვენი საზოგადოების, მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტის გარდა, მსოფლიო საზოგადოების, დიპლომატიური მისიების, ევროკავშირის, გაეროს, ამერიკის ადმინისტრაციის, სენატისა და კონგრესის, მრავალი ავტორიტეტული ორგანიზაციის ოფიციალური პროტესტის ხმაც უერთდება.
არანაკლები მნიშვნელობა აქვს ჟენევის პროცესს, რომელიც ყველა მხარის მონაწილეობით იმართება. პროცესი ხავერდოვნად არ მიმდინარეობს, რაც გასაკვირი არცაა, მაგრამ ქართველები და აფხაზები ერთმანეთის პირისპირ სხედან და განიხილავენ საკითხებს, რომლის განხილვაც არც ერთ სხვა ფორმატში არ მოხერხდებოდა. არიან სკეპტიკოსები, რომლებიც ამ პროცესს ეჭვის თვალით უყურებენ, მაგრამ ეს არ ამცირებს ჟენევის პროცესის მიმდინარეობას, რომელმაც საერთო პოლიტიკური თუ არა ზოგიერთი ჰუმანიტარული საკითხი გადაწყვიტა.
რა თქმა უნდა, ყველა სიტუაციაში სიფრთხილე და გონიერება გვმართებს. რუსეთი ხომ ჩვენს გამოწვევაზე მუშაობს. ეს მოსკოვს იმ ფონზეც აწყობს, როცა ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. იმასაც ვხედავთ, რომ მოსკოვიდან მუქარის ნოტებმა იმძლავრა, რაზეც რამდენიმე დღის წინ დიმიტრი მედვედევის მუქარის შემცველი მესიჯიც მეტყველებს, საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
- რა დარჩა აფხაზეთის ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობისგან, რომელიც რუსეთმა ოფიციალურად აღიარა 2008 წელს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აფხაზებმა საბედისწერო შეცდომა დაუშვეს, როცა მთლიანად დამოკიდებული გახდნენ რუსეთზე . მათი აზრით, ამით აფხაზებმა საკუთარ თვითმყოფადობას ძირი გამოუთხარს. თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
გავიხსენოთ აფხაზეთის „ოცნება“ დამოუკიდებლობის შესახებ, ორივე მხარეს მივიღეთ აუნაზღაურებელი ადამიანური მსხვერპლი და პრაქტიკულად მომავლის რესურსის განადგურება. რითი სრულდება ეგრეთწოდებული აფხაზეთის სახელმწიფოს პერსპექტივა, რომელსაც ქართველების გარეშე უნდა შეექმნა ეგრეთწოდებული დამოუკიდებელი, სრულფასოვანი სახელწიფოს ახალი მოდელი. და რამივიღეთ ახლა? –რუსეთიის მიერ აფხაზეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის შემადგენელ ნაწილად გადაქცევა. მოლოდინი იმისა, რომ რუსეთი ინვესტიციებს არ დაიშურებდა და აფხაზეთს ააყვავებდა, აფხაზების საბედისწეო შეცდომა გამოდგა. ყველანი ვხედავთ, რუსეთი ანექსირებულ ტერიტორიებს როგორ ექცევა. კრემლის ყველაზე დიდი ინვესტიცია მიტაცებული ტერიტორიების მილიტარიზაციაა. ესპროცესები აფხაზებს და მათ შორის, აფხაზურ დიასპორასაც კარგად აქვს შესწავლილი და რუსებზე გულაცრუებისა და წყენის კვალი უკვე აშკარად იკითხება.
საბოლოოდ მივიღეთ აფხაზეთი ქართული მოსახლეობის გარეშე, რომელსაც აფხაზები ვეღარ აკონტროლებენ და შეიძლება ითქვას, რომ ისინიც კარგავენ აფხაზეთს. ოღონდ ამას საკუთარი ძალისხმევით და დიდი მეცადინეობით მიაღწიეს. რიტორიკული საუბარი რომ არ გამომივიდეს მინდა მაგალითები მოგიყვანოთ, აფხაზეთის ჩვეულებრივი მოქალაქეები როგორ აღიქვამენ შექმნილ სიტუაციას. ეს ამონარიდები გასაიდუმლოებული არ არის და ინტერნეტში ყველას შეუძლია მოიძიოს:
"გავიგეთ, რომ ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოების მთავარი გარანტი რუსეთია,
მაგრამ თუ თავად რუსეთი ჩაგვყლაპავს, რა მნიშვნელობა აქვს ვინ შეგვჭამს?"
„ხომ მივხვდით, რომ მხოლოდ ტურიზმით ეკონომიკას არაფერი ეშველება? კანონი არ გვაქვს, კონსტიტუცია არ გვაქვს, ამ 25 წლის განმავლობაში ერთი დემოკრატიული არჩევნები ვერ ჩავატარეთ. საზღვრებზე რუსი სამხედროები დგანან, ბიზნესი მათია, კანონი მათია, ყველაფერი რუსების არის და ვინ ვართ აფხაზები აფხაზეთში?!“
„რუსი სამხედროები აფხაზებს მუდმივად "მათხოვრებს" და "საცოდავებს" ეძახდნენ როდემდე უნდა ვიტყუოთ თავი, რომ ეს ოკუპაცია არ არის და რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ განვითარებაზე ზრუნავს”. „ჭაობში ვცხოვრობთ და სულ მალე უარეს ჭაობში მოგვიწევს ცხოვრება, სადაც საკუთარი არაფერი გვექნება” „აფხაზურად უკვე ისედაც არავინ ლაპარაკობს, ეთაკილებათ, არმია რუსეთს შეურთდა, შსს არ გვაყვს, ფაქტობრივად, კრიმინალი განაგებს ყველაფერს, ეკონომიკა არც არასდროს გაგვაჩნდა და ამ ზღვას, თუ რუსები არ ჩამოვიდნენ, მაინც არავინ ეკარება. ესეც შენი დამოუკიდებელი სახელმწიფო“
როგორც იტყვიან, კომენტარები ზედმეტია! და კიდევ ერთი ვიდეომასალის შესახებ მინდა ორი სიტყვა ვთქვა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავრცელდა. სოხუმის სანაპირო ზოლი და მისი შემოგარენი იყო ნაჩვენები, რომელიც სოხუმში მყოფმა ადამიანმა გაავრცელა. ფირზე ჩანს უკაცრიელი სოხუმის სანაპირო ზოლი და პლაჟი, სადაც არც ტურისტების და არც ადამიანის ჭაჭანება არ არის. რომ არაფერი ვთქვათ მოუვლელ, გავერანებულ, ყოველგვარ ადამიანურ კომფორტს მოკლებულ პლაჟზე. ეს ის სოხუმია, სადაც სიცოცხლე ჩქეფდა, სიმწვანეში იძირებოდა ყველაფერი, ყოველი კუთხე კუნჭული მოვლილი და დალაგებული იყო. სეზონზე ტურისტების მოძალება ნემსის ჩასავარდნ ადგილს არ ტოვებდა. ახლა კი შემოგვყურებს უკაცრიელი და გაველურებული, ქართველებისაგან თითქმის დაცლილი სოხუმი. როგორ ვუპასუხოთ ასეთ გამოწვევას? ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ახალ ძალას და შინაარსს იძენს, რომელიც, ვფიქრობთ, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გზაზე არსებული ყინულის გალღვობას შეძლებს. საქართველოს ხელისუფლება აფხაზებს და ოსებს სთავაზობს ყველა სიკეთეს, რომელიც ვიზა-ლიბერალიზაციას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლების სისტემას და მრავალ სხვა სოციალურ თემებს ახლავს. რაც შეეხება იმ ხაფანგს, რომელიც რუსებმა აფხაზებს და ქართველებს დაგვიგეს, მისგან ხსნა მხოლოდ ერთობლივი მოქმედებითაა შესაძლებელია,თუ აფხაზური საზოგადოება ამას მოიწადინებს. ეს რთულია, ზოგჯერ შეუძლებლადაც გვეჩვენება, მაგრამ რადაც უნდა დაგვიჯდეს, მოლაპარაკების გზით პროცესი ორივე მხარის სასარგებლოდ უნდა შემოვაბრუნოთ. ეს რთულია, ზოგჯერ შეუძლებლადაც გვეჩვენება, მაგრამ წვეთი ქვას არა ძალით, არამედ წვეთის ხშირი დაცემით ხვრეტს. არ უნდა მოგვბეზრდეს მშვიდობის ენაზე საუბარი. ჩვენი თანამოძმეები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საბოლოოდ უნდა დარწმუნდნენ, რომ საქართველოდან მათ არავითარი სამხედრო საფრთხე არ ელით.
-თქვენ ხშირად ამბობთ, რომ თქვენი უმთავრესი დასაყრდენი ახალგაზრდობაა, რომ ისინი უფრო სხარტები და მოქნილები არიან, მეტი გამომგონებლობით გამოირჩევიან, რომ მათ უკეთ შეუძლიათ აფხაზ ახალგაზრდობასთან საერთო ენის გამონახვა. რა გაქვთ ჩაფიქრებული?
დიახ, ასეა. როგორმე ერთმანეთისკენ მისასვლელი გზები უნდა გავუხსნათ ქართველ , აფხაზ და ოს ახალგაზრდობას. გვინდა ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების თავმოყრა მრგვალ მაგიდასთან, ერთობლივ სპორტულ ღონისძიებებზე ვფიქრობთ. გვსურს აფხაზი, ოსი და ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობითფოლკლორულ კონცერტს გავუკეთოთ ორგანიზება. ვგეგმავთ საერთშორისო კონფერენციის მოწვევას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არა მარტო აფხაზი, ქართველი და ოსი ახალგაზრდები, არამედ ჩვენი რეგიონის და უცხოეთის სეპარატისტულად განწყობილი რეგიონებიც. ამ კონფერენციაზე ყველა კონცეფციას ექნება არსებობის უფლება და მისი სამეცნიერო განხილვა არავის პროტესტს არგამოიწვევს. მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო ფლორენციის პროექტი, რომელშიც მონაწილეობენ ქართველი და აფხაზი სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. დაწესებულია აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარის არზაყან ემუხვარისა და საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები. სტიპენდიის მოსაპოვებელი კვლევები მიძღვნილია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებისადმი. ნაშრომებში არის წარსულის შეცდომების ანალიზის მცდელობა და მრავალი სხვა, რაც ამ პროცესს უკავშირდება. პირველი კონკურსი უკვე ჩატარდადა შარტავას სახელობის სტიპენდიის მაძიებლებში 2 გამარჯვებულიც გამოვლინდა. კარგი პროექტია აფხაზური ენის სწავლების დანერგვა ჩვენს სკოლებში, სასკოლო ოლიმპიადები აფხაზეთის თემატიკაზე, ახალგარზდული კონფერენციები, დისპუტები კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე და ა.შ….
26 წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემი თაობა ამ კონფლიქტის მოგვარებას ვერ მოახერხებდა. სულ ვფიქრობდი, რომ ეს პრობლემა მომავალ თაობას არ უნდა დავუტოვოთ, მაგრამ როგორც ვხედავ, ახალ თაობას მოუწევს აქტიური ჩართვა ამ პროცესში. ისეთი განცდა მაქვს, რომ სწორედ ისინი გახდებიან ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტები კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხში. ბევრჯერ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ - ახალგაზრდობა დიდი ძალაა, რომელსაც ჩვენზე მეტის გაკეთება შეუძლია. უფრო გამომგონებელია, უფრო მოქნილია, სწრაფი აზროვნებით და სიტუაციის ადეკვატური შეფასების უნარით გამოირჩევა. მათთან ურთიერთობამ, ხშირმა შეხვედრებმა, აფხაზეთის თემაზე საუბრებმა ბევრი რამ მასწავლა მეც და მრავალ ჩვენგანსაც.
-26 წლის შემდეგ რა შეიძლება ითქვას აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე. როგორ მიგაჩნიათ ამ ხნის მანძილზე მოხდა თუ არა მათი ინტეგრაცია ჩვენს მოსახლეობასთან.
აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ჩვენი საზოგადოების ძალიან შეგნებული ნაწილია, რომლის მოთმინების უნარიც საარაკოა. რა არ გამოსცადეს მათ, საკუთარი ფუძიდან აყრა, დევნილობა, დამცირება, გაჭირვება, უსახლკარობა… და მაინც გაგებით ეკიდებიან ყველაფერს. შვილებს ღირსეულად ზრდიან, მათი ბავშვებისთვის აფხაზეთი ისეთივე ძვირფასია, როგორც ყოველი ჩვენგანისთვის. ჩვენ იმ რავალრიცხოვანი და მრავალტანჯული დევნილი მოსახლეობა არ გახლავთ თითით საჩვენებელი საზოგადოება, რომელიც საკუთარ ქვეყანაში მხოლოდ დევნილის სტატუსით უნდა გამოირჩეოდეს. ჩვენ გახლავართ ოკუპირებული ტერიტორიის შვილები, რომელთაც განგებამ განსაკუთრებული ფუნქცია მოგვანიჭა. ეს ფუნქცია მხოლოდ არსებობისთვის და ლუკმა პურისთვის ბრძოლა არ უნდა იყოს. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ვცხოვრობთ და არა ვართ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადახვეწილები და შეჭრილები. ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია გადავიდეთ ცხოვრების ახალ ეტაპზე, დავტოვოთ მოჯადოებული წრე, რომლის გარშემოც მრავალი წელია დავდივართ. ჩვენი მიზნები, რეფორმები, ჩვენი სტრუქტურების მიერ შემუშავებული ყველა სამოქმედო არეალიერთ მიზანს ემსახურება. როგორმე მოვახერხოთ, ყველა საშუალება გამოვიყენოთ ჩვენი მოსახლეობის სოციალური პირობების გასუმჯობესებლად. ყველას მოეხსენება, რომ მათი მდგომარეობა არ არის სახარბიელო. დათრგუნული, ფუძეაყრილი, უმუშევარი ადამიანი, რომელსაც ყოველდღე სარჩო აქვს მოსაპოვებელი ოჯახის გამოსაკვებად, ნამდვილად არ უწყობს ხელს ჩვენი საერთო მიზნის განხორციელებას. ვგულისხმობ, აფხაზებთან ნდობის აღდგენისა და დაახლოების პროცესს. მიუხედავად ასეთი რთული ვითარებისა, ჩვენ გაჩერების, ხელების ჩამოშვების, რაიმე მიღწევებით თავისმოწონების უფლება არა გვაქვს. 26 წელი გავიდა ავადმოსაგონარი დღეებიდან. გაიზარდა ახალგაზრდობა. ისინი უკეთესი ცხოვრებისკენ მიისწრაფიან, ხედავენ მათ მშობლებს როგორ უჭირთ, რა რთულია დევნილი ადამიანის ხვედრი. თანამედროვეობას მოაქვს თავისი მოთხოვნები და ცხოვრების წესი, რომელიც გაიძულებს ამ ტალღაზე გადაწყობას გინდა შენ ეს თუ არა. ჩვენ გვინდა გარდატეხა შევიტანოთ ყოველი ჩვენგანის ცხოვრებში. გადავდგათ საეტაპო ნაბიჯები, ახალგაზრდობის აღზრდის, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებების, ჯერ კიდევ დაუბინავებელი ადამიანების დახმარების, განათლების, კულტურისა და მეცნიერების განვითარების, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და მრავალი სხვა კუთხით. ამ საკითხებში კი დევნილების აქაურ მოსახლეობასთან ინტეგრაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სამწუხაროდ, ადგილობრივ მოსახლეობასთან დევნილები ბოლომდე ინტეგრირებული არ არიან. გაუცხოვების ფაქტორი არსებობს, რაც არ არის სასურველი. როგორმე უნდა მოვერიოთ ამ საქმეს, რომ ჩვენმა დევნილებმა საკუთარ თავი გაუცხოებულად არ იგრძნონ. ისედაც მრავალი საფრთხე თავს დაგვტრიალებს და არც მსოფლიო პრობლემები გვივლის გვერდს. ჩვენთვის დიდი იმედია, რომ დასავლეთი, ამ მღელვარე სამყაროში, არასტანდარტული საფრთხეებით სავსე ეპოქაში, საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას ახერხებს. ეს ძალას გვმატებს და გზას გვიხსნის სამშვიდობო პროცესის გაძლიერებისა და მისი ახლებურად დანახვის საკითხში. მაგრამ, არაერთხელ მითქვამს, რომ დახშული კარი მაშინ გაიხსნება, როცა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნება ჩვენი ერის აბსოლუტური ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცევა.
-როგორ შეაფასებდით დღეს გალში მიმდინარე მოვლენებს, რას იტყვით ქართულის სწავლებაზე, გამყოფ ზოლზე, სოციალურ პრობლემებზე, გალის გასამხედროებაზე და სხვა საკითხებზე, რომლის გამოც გალის მოსახლეობას მძიმე პირობებში უხდება ცხოვრება?
მოგეხსენებათ, ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში ვმონაწილეობ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობთ განათლების საკითხია. სამწუხაროდ, განათლების სფეროში რეალური შედეგი ვერ მივიღეთ. ძალიან დიდი კამათის საგანია ქართული ენის სწავლების საკითხი. გალის რაიონში შედარებით ნაკლებად იყო ეს პრობლემა, მაგრამ ახლა ასეთი საფრთხე რეალურია. ვხედავთ, რომ თანდათანობით, მეთოდურად ხორციელდება ქართულის გამოდევნა, რაც ძალიან საგანგაშოა. პრობლემურია აფხაზეთში პრივატიზაციის საკითხი, რომელიც გალელებისთვის ქონების წართმევა-წაგლეჯის ტოლფასია. ასევე პრობლემურია აფხაზეთის მიწების საკითხები და გამყოფ ზოლზე შექმნილი რთული ვითარება. ეს უსერიოზულესი თემებია, რომელიც გალის მოსახლეობას ძალიან თრგუნავს და მუდმივი უსამართლობის განცდას უღვივებს. მიუხედავდ იმისა, რომ საქართველოში მიღებული კანონი, ბათილად ცნობს აფხაზებთან დადებულ ნებისმიერხელშეკრულებას, მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლლება. უაღრესად გამკაცრებულია ვითარება გამყოფ ზოლთან, რაც ძალიან წააგავს საცრით წყლის ჭერას. აფხაზები ვერ ხვდებიან, რომ ყველანაირი ბარიერის და დისკომფორტის მიუხედავად, ხალხი მაინც არ მოიშლის ენგურს გაღმა-გამოღმა სიარულს. თუ ეს ასე არ მოხდება, პრობლემა თავად აფხაზეთს შეექმნება, რადგან გალის ბაზარს არა მარტო ზუგდიდთან მიმართებაში, არამედ აფხაზეთთანაც ვერაფერი შეაჩერებს.მიუხედავად ამისა, საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილება მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიტუაციის მოწესრიგება. სოხუმშიც იციან, რომ ეს დროებითი მოვლენაა, მაგრამ უკან მაინც არ იხევენ. სამწუხარო ის არის, რომ როგორც ყოველთვის, ისევ უბრალო მოსახლეობა იჭყლიტება.
მახსენდება ერთ-ერთ საინფორმაციო საშუალებაში აფხაზი მიმომხილველის „წუწუნი“ იმაზე, რომ“პატარა ღელეზე“ თუ გადასავლელი დაიკეტა და ამას მთელი ევროპა და მსოფლიო ყურადღებას აქცევს, ასეთი რა მოხდაო?!”. ვიღაცისთვის ეს ღელეა, ადგილობრივთათვის კი – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადასასვლელი, საკუთარი თავის და ოჯახის გადარჩენის საშუალება. ამ პატარა გადასასვლელზე ადამიანები მშვიდად გადადიოდნენ, აკრძალვამ კი მკვეთრად შეცვალა მათი გუნება-განწყობა, ეკონომიკური სიტუაცია. ადგილობრივ მოსახლეობას კაპიკი არ უჯდებოდა ეს მიმოსვლა, ახლა ეს სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. აფხაზები იმასაც ხვდებიან, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, ადრე თუ გვიან, ჩვენი კონტაქტები უფრო ხელშესახები გახდება, ადამიანები უფრო თავისუფლად დაელაპარაკებიან ერთმანეთს. ამიტომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ყველაფრის ამოძირკვა, რაც საერთო წარსულთან გვაკავშირებს – მაგალითად, ქართული ტოპონიმების ამოძირკვის მცდელობა. მესმის,რომ “ლესელიძეს” გადაარქვა სახელი ან რომელიმე სოფელს, რომელიც საბჭოთა პერიოდში გაჩნდა, მაგრამ სახელებს, რომელიც ოდითგანვე ცნობილია, არქმევდე უსახურ, არაფრისმთქმელ სახელს და ამით თავს იწონებდე? – გასაგებია, რასთანგვაქვს საქმე. როგორც ჩანს, მათ არ იციან, რომ ისტორიული მეხსიერების წაშლა შეუძლებელია.
ავიღოთ თუნდაც მეგრული ენის სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები. მეგრული ენა არასოდეს დაიკარგება სამეგრელოს მოსახლეობის ცნობიერებაში, ყოფაში და ყოველდღიურობაში. მეგრულ ენას აფხაზების და, მით უმეტეს, რუსების მხარდაჭერაარ სჭირდება – იმ რუსებისა, რომლებიც ამას იყენებენ როგორც ქართული ენის ალტერნატივას. ამიტომ ეს არის ამაოდ დახარჯული ენერგია, რომელსაც პერსპექტივა არა აქვს. განა არ იციან, რომ მეგრული ენა ვერასოდეს ჩაენაცვლება ქართულ სახელმწიფო ენას და მისდამი ყოველი ჩვენგანის სიყვარულს, მაგრამ ნირს არ იცვლიან. შემთხვევითი არც ისაა, რომ ასეთი საქმეებისთვის გალი აირჩიეს. ერთია, რომ – გალი მაინც ფრონტისპირა რეგიონია. მეორეც, როგორც ჩანს, რუსები აპირებენ, საქართველოზე სამხედრო ზეწოლა გააძლიერონ. ოკუპირებულ აფხაზეთში გალი ერთადერთი რაიონია, სადაც ქართული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს. ამ ფონზე, ვფიქრობ გასაგებია, რატომ მოხდა გალის ''სამხედროქალაქად'' გამოცხადება - შესაბამისი კანონი ოკუპირებულ აფხაზეთში ამოქმედებულია. გადაწყვეტილება ამის თაობაზე აფხაზეთის საოკუპაცუიო რეჟიმმა და ოფიციალურმა მოსკოვმა მიიღეს. გალის ტერიტორიაზე დამატებით კიდევ 25 სამხედრო საგუშაგო განთავსდა. გალის რაიონის სოფლების ნაწილი ოჩამჩირის, ნაწილი კი ტყვარჩელის რაიონს მიაკუთვნეს. კომპლექსი უცხო პირებისგან დაცულია და კონტროლდება შესაბამისი სამსახურების მიერ. ეს არის დახურული სამხედრო ქალაქი, სადაც სპეციალური ნებართვის ან საშვის გარეშე არასამხედრო პირს გადაადგილება ეკრძალება.
ბუნებრივია, ვცდილობთ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული მშვიდობიანი ზეწოლის ყველა ინსტრუმენტი, მაგრამ ეს დღემდე დაუძლეველია. დღესაც არ არიან დასჯილები გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები. ეს გაუგონარი უსამართლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მკვლელობებმა უდიდესი საერთაშორისო რეზონანსი შეიძინა, დამნაშავეები მაინც თავისულად დადიან. ჟენევაში ჩვენმა დელეგაციამ მოითხოვა გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის ქართული სასამართლოსმიერ მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაკავება და გადაცემა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა. ქართული მხარე რუსეთს მიმართავს, არ დააბრკოლოს ამ მიზნით ქართველი სამართალდამცავების მიერ დაწყებული გამოძიება. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე განვიხილეთ ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა შელახვის რთული მდგომარეობა. დაუსჯელობის სინდრომი ახალისებს ოკუპირებულ რეგიონებში ძალადობას, ამიტომაც საჭიროა ყველა მექანიზმის გამოყენება, რომ ნებისმიერი ძალადობა, რომელიც მრავალჯერ მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამართალს ვერ გაექცეს.
-ბატონო ვახტანგ, გადასახედია თუ არა კონფლიქტის მოგვარების ტქნოლოგიები, ამაზე ხშირად გაისმის საყვედურები თქვენი უწყების მისამართით. როგორ უყურებთ ამ საკითხს?
რა თქმა უნდა, კონფლიქტის მოგვარების ტექნოლოგიები გადასახედია, შესაცვლელია და დასახვეწი. საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული ინიციატივა“ ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სხვა საკითხებთან ერთად ახალი ტექნოლოგიების შემუშავებასაც გულისხმობს, რაც დროული და მისასალმებელია. ძალიან დიდი მუშაობა გვმართებს ამ საკითხებზე ყველასთან, ვისაც ეს ხელეწიფება. 26 წლის მანძილზე იყო პერიოდები, როდესაც აფხაზეთის თემა საქართველოშიც კი კანტი-კუნტადგაისმოდა. ახლა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გააქტიურებულია არა მარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც. ჩვენი მეგობრების ძალისხმევა ჩვენთვის სტიმულია, რომ სამომავლოდ შევძლოთ ძალიან საფუძვლიანი ნაბიჯების გადადგმა კონფლიქტების მოგვარების გზაზე. ამერიკელი და ევროპელი სენატორების მოსაზრებები აფხაზეთის საკითხზე, რუსეთის ქმედებათა საჯაროდ დაგმობა, ამერიკის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი აფხაზეთთან დაკავშირებით სანქციების დადგენის თაობაზე… – მითუმეტეს, საქვეყნოდ ცნობილი და დეკლარირებულია ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა. კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გავიმეორებ, რომ მთავარი გეზი და გზავნილი აფხაზური მოსახლეობისადმი არის ის, რომ ჩვენ მართლაც არ ვემზადებით რევანშისათვის. ჩვენ მხოლოდ ერთიან საქართველოში მშვიდობიანი თანაცხოვრება გვსურს.
დღეს კი ჩვენ ვიხსენებთ სამშობლოსთვის თავდადებულ, გმირულად დაღუპულ მეომრებს, მუხლს ვიდრეკთ ჩვენი ჯარისკაცების ნათელი სახელების, აფხაზი, ოსი და ომში მონაწილე სხვა ერის წარმომადგენლების დედების მწუხარების წინაშე.სამარადჟამო ხსოვნა მათ დიად სახელებს.