18-05-2023
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ბოლო ორი დღის განმავლობაში პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, რომლის თანახმად 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებს არჩევისას მმართველი ძალის კანდიდატებს დაუჭირა მხარი, რასაც ოპოზიციის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ წევრს არ უნდა გააჩნდეს რაიმე სახის ბერკეტი, რომელიც რომელიმე სერიოზულ საკითხზე გავლენას მოახდენს.
„საინტერესო დღეები გვაქვს პარლამენტში: გუშინ „ნაცებმა“ ევრორეკომენდაციების მხარდაჭერისთვის საკუთარი თანაგუნდელები ისე დააბულინგეს, ხალხს მათი მმართველობის სისასტიკე კიდევ ერთხელ თავადვე შეახსენეს. დღეს „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის ჟურნალისტის კითხვა ასე დაიწყო - „რატომ აძლევთ თავს უფლებას თქვათ”…თქმის უფლებასო!.. არ ვაჭარბებ!.. არჩეულ დეპუტატის წინაშე დასმულ კითხვაში გამოიყენა ეს ფორმულირება… ცივილიზაციამ და შესაბამისმა კონსტიტუციებმა მიანიჭეს ეს უფლება დეპუტატებს, ჟურნალისტებს, სხვა პროფესიის ადამიანებს და ზოგადად, ადამიანებს. ჟურნალისტების მინიმუმ 90%-ზე მეტს არც მოაფიქრდება კითხვის ფორმულირებით მისი შეზღუდვა… ალბათ ყველა ხვდება, რომ არაფერთან ეს ხალხი არ მიიშვება. ამიტომ არის სწორი და სახელმწიფოებრივი, ეროვნული ვალდებულება, რომ არც ერთ „ნაცს“ არ გააჩნდეს არანაირი ბერკეტი, რომელიც გავლენას მოახდენს რომელიმე სერიოზულ საკითხზე.
ყოველ ფეხის ნაბიჯზე მტკიცდება, რომ მათი პარტიული გენეტიკაა ფაშისტური მიდგომები, ბულინგი, გაჩუმება, ზეწოლა და რომ არ გამოსდით, უკიდურესად ღიზიანდებიან. ანტიეროვნულობა და ფსევდოევროპელობა არა მხოლოდ ტრადიციების, საკუთარი იდენტობის, კულტურისა და ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლაა, არამედ მსგავსი ფაშისტური ლიბერალიზმის ტრენდების დამკვიდრების მცდელობაც. რა უნდა დაუპირისპირდეს ამას? - მხოლოდ მყარი, პრინციპული, ეროვნული, ტრადიციული და ამავდროულად პროგრესული, სიმართლეზე დაფუძნებული და რეალურად პროევროპული მიდგომები, რომელთა პოზიტიურმა, ისტორიულმა სინთეზმა უნდა უზრუნველყოს ამ ქვეყნის გაერთიანება, მისი ევროპული მომავალი და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება“, - წერს მამუკა მდინარაძე.
16-11-2024
16-11-2024