19-05-2023
7-8 მარტის აქციებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან წერილი გაიგზავნა 7 ნოემბრის და 26 მაისის ავტორებისგან. ეს არის უბრალოდ ცინიზმი. ეს ადამიანები - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის ამ ორი პირდაპირი გაგებით უსასტიკესი დარბევის ავტორი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის წესით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, 7 ნოემბერი და 26 მაისი, ეს არ იყო მხოლოდ მომიტინგეების უსასტიკესი დარბევა უსასტიკესი მეთოდებით.
„7 ნოემბერს მოყვა ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა და შემდეგ უკვე მოროდიორული ფორმით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან ამ ტელეკომპანიის მიტაცება. ეს არ იყო მხოლოდ უსასტიკესი დარბევა, ამას ჰქონდა თავისი შემდგომი გაგრძელება და მიზნები და ამაშიც იყო ძალიან დიდი სისასტიკე. რაც შეეხება 26 მაისს, ამის გაგრძელებასაც შეგახსენებთ.
მარტო 26 მაისი და იქ გამოხატული სისასტიკე ხომ არ იყო, შეგხსენებთ, რომ ამის შემდეგ რამდენიმე დაღუპული ადამიანი ვითომ იპოვეს ჯიხურების თავზე. ეს არის თქვენი სახე. ამ ყველაფრის ავტორები დღეს უსვამენ კითხვას შს მინისტრს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად პროპორციული იყო ის ოპერაცია, რომელიც ჩატარდა მოძალადე დემონსტრანტების წინააღმდეგ 7-8 მარტს. ასევე, 26 მაისის გაგრძელება იყო ფოტოგრაფების დაჭერა. ადამიანებმა უბრალოდ გადაიღეს ფოტოები, ასახეს ფირზე ის სისასტიკე, რაც ჩაიდინა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და ეს ადამიანები ჩვეულებრივად აიღეთ და დაიჭირეთ.
ეს არის თქვენი სახე. დღეს ეს ადამიანები ბედავენ და კითხვას სვამენ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად პროპორციული იყო პოლიციის ესა თუ ის მოქმედება. ეს არის უბრალოდ ცინიზმი და ამის გახსენება აუცილებელია. მორალური უფლება, თქვენ რაიმე კითხვა დასვათ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, უბრალოდ არ გაქვთ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024