28-05-2023
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსთან ფრენების ჩაკეტვა და აღდგენა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო.
მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გუშინდელი განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენის საკითხზე საქართველო-რუსეთს შორის რაიმე სახის ფარული მოლაპარაკებები არ ყოფილა.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ როგორც ფრენების ჩაკეტვა, ისე აღდგენა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო. ამაზე საქართველოს არც გავლენა, არც რაიმე სხვა სახის ზემოქმედების ბერკეტი არ ჰქონია. გვახსოვს 2019 წელს, როდესაც შეწყდა პირდაპირი ფრენები, მაშინ ჩვენი დასავლელი კოლეგები, მათ შორის ელჩები საქართველოში მოუწოდებდნენ რუსეთს, რომ ეს სანქცია მოეხსნა იმიტომ, რომ თავის დროზე, იცით, სანქციის სახით იყო შემოღებული რუსეთის მხრიდან. მაშინაც იყო ეს მოწოდებები, რუსეთის მხრიდან გათვალისწინებული არ იყო. ახლა ცალმხრივად მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩვენ ამაზე არანაირი გავლენა არ გვაქვს ერთი მხრივ. მეორე მხრივ, ის უსამართლო სანქცია, რაც რუსეთს საქართველოს მიმართ დაწესებული ჰქონდა, მოიხსნა. ზოგადად, კარგია, რომ ვისაც სანქციები აქვს დაწესებული საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ, ყველამ მოხსნას“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ვიზების გაუქმების შემდეგ მას საქართველოს რეაქცია გაუკვირდა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა „დელოვაია როსიას“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. ვფიქრობდი, ყველა იტყოდა „აი, მადლობა, კარგია.” არა, იქ სრულიად გაუგებარი აურზაური ატყდა ამ საკითხზე. ძალიან გასაკვირია. უბრალოდ, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელად. გვერდიდან როდესაც ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ? რა ხდება იქ მათთან, გაუგებარია”, - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, მან ასეთი გადაწყვეტილება დასვენების სეზონიდან გამომდინარე მიიღო.
პუტინის თანახმად, მას ასევე სურდა საქართველოში იმ ხალხის მხარდაჭერა, რომლებსაც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დალაგება სურთ და ასევე, რუსეთის იმ ბიზნესებისა და მოქალაქეების მხარდაჭერა, რომლებსაც მეზობელი ქვეყანა უყვართ.
16-11-2024
16-11-2024