გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: როცა ხელისუფლება და საზოგადოება არის ერთიანი, ვერანაირი გარე ძალა ქვეყნის ინტერესებს ვერ გადაფარავს, ეს არის სწორედ ჩვენი – „ხალხის ძალის” მიზანი, რომ, პირველ ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები იქნას დაცული

30-05-2023

“ბოლო პერიოდში ჩვენს რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ დღეს ლიდერი სახელმწიფოები დაუფარავად ისწრაფვიან მათი ინტერესის ქვეშ მყოფი ქვეყნების სუვერენული უფლებების შეზღუდვისკენ და აქაც გაჟღერებული ტყუილები, ემოციები თუ სპეკულაციები ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, ამას ემსახურება”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.


მისი თქმით, თავიდან სულ სხვა რამ ჰქონდა სხდომაზე სათქმელად მომზადებული, მაგრამ სხდომათა დარბაზში გაჟღერებულმა ტყუილებმა აიძულა, ამ ტყუილებზე გაეცა პასუხი.


„როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, აღარ არის უჩვეულო, რომ ამ დარბაზში ძალიან ბევრი ტყუილი, ძალიან ბევრი სპეკულაცია და ხშირად, ძალიან უსაფუძვლო ემოციები იხარჯება ხოლმე. სანამ გადავალ სათქმელზე, მინდა რამდენიმეს გამოვეხმაურო. მაგალითად, საუკუნის ტყუილი ისევ გაჟღერდა დღეს და გამჭვირვალობის შესახებ კანონი ისევ რუსულ კანონად იქნა მოხსენიებული – კანონი, რომელიც წაუკითხავად გააპროტესტებინეს საზოგადოებას. იცით რატომ წაუკითხავად? იმიტომ, რომ რომ წაეკითხათ, ყველა მიხვდებოდა, რომ ის არ იყო რუსული და ეს იყო ინსტრუმენტი, რომ საზოგადოებას მეტი სცოდნოდა, გარედან შემოსული ფული რაში იხარჯება.


ასევე, მოვისმინეთ ტყუილი, რომელიც პირველად არ გაჟღერებულა – ბექა ლილუაშვილმა მანამდე უკვე ნათქვამი ტყუილი კიდევ ერთხელ გაიმეორა. მახსოვს, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ყველაზე მეტი ადამიანი ახლა გარბის ქვეყნიდან. შემდეგ გიორგი ვაშაძე ნიანგის ცრემლებს ღვრიდა ამაზე და ამბობდა, რომ 100 ათასმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. და არავინ ამბობს, რომ 100 ათასი რომ გავიდა (სიზუსტისთვის, გავიდა 99 ათასი), უკან დაბრუნდა 75 ათასი. ასე რომ, ვინც მიდის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის უკან აღარ ბრუნდება. თუმცა როდესაც ვიზა-ლიბერალიზაციას ღებულობს სახელმწიფო და მეტი საშუალება ჩნდება, რა თქმა უნდა, მიგრაცია მატულობს. მაგრამ ყველაზე მეტი ადამიანი, მიგრაციული სალდოს თვალსაზრისით რაც დააკლდა ქვეყანას, ეს იყო 2009, 2010, 2011 წლები. ბოლო 30 წლის განმავლობაში 2020 წელს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში 15 ათასით მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა ჩვენი მოქალაქე ამათუიმ მიზნით. ამიტომ ტყუილი მაინც ტყუილია, მაგრამ როდესაც სპეკულაცია ხდება და სპეკულირებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ბიჭებით და ჩვენ გვისვამენ კითხვას – რას ვეუბნებით ანწუხელიძეს და მისი ოჯახის წევრებს, დევნილებს და დაღუპულ გმირებს. ვეუბნებით, რომ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს და ვცდილობთ, ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ ღირსეულად და მშვიდობიანად, რისთვისაც ამ ბიჭებმა სიცოცხლე გაწირეს.


მათ შვილებს კი, იმედი მაქვს, ვეტყვით, რომ მათი მშობლების ოცნება ახდა და საქართველო არის ერთიანი. მინდა გითხრათ, რომ ღირსეულად და მშვიდობიანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მეტი მიზანი და ამოცანა დღეს ქვეყანას არ აქვს. დანარჩენი ყველაფერი არის დანარჩენი. ეს რაც შეეხებოდა ტყუილებს, ჭარბ ემოციებს და სპეკულაციებს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


მან ასევე ისაუბრა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ინტერესებსა და უფრო მცირე ქვეყნების სუვერენული უფლებების შელახვის მცდელობებზე მათი მხრიდან.
„ახლა მინდა გითხრათ სიმართლე, რასაც ვამზადებდი, რომ მეთქვა თქვენთვის განცხადების სახით. ბოლო პერიოდში ჩვენს რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ დღეს ლიდერი სახელმწიფოები დაუფარავად ისწრაფვიან მათი ინტერესის ქვეშ მყოფი ქვეყნების სუვერენული უფლებების შეზღუდვისკენ და აქაც გაჟღერებული ტყუილები, ემოციები თუ სპეკულაციები ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, ამას ემსახურება. ეს გარკვეულწილად, განპირობებულია ახალი პოლიტიკური რეალობით და მსოფლიოს ახალი გადანაწილებით. უკრაინის ომი, როგორც ჩანს, არ არის საკმარისი ამ მიზნების შესასრულებლად და ამიტომ ხდება ზეწოლა საქართველოსა და თურქეთზე მეორე ფრონტის გასახსნელად. ჩვენს რეგიონში ვერშემდგარი მეორე ფრონტის შემდეგ გადაინაცვლებს თუ არა ომის რიტორიკა აღმოსავლეთ ევროპის – ბალტიისპირეთის, ან სხვა ქვეყნებში, ჯერ არ ვიცით. თუმცა როგორც ვხედავთ, უკრაინის ომის დასრულებას არცერთი მხარე არ ცდილობს და გვრჩება განცდა, რომ ვიღაცას ნამდვილად სურს ამ ომის მესამე მსოფლიო ომად ქცევა.


ჩვენ შევძელით საქართველოს გადარჩენა გამანადგურებელი ომისაგან, ეს თურქმა ხალხმაც შეძლო. ჩვენი რეგიონისგან მკაცრი პასუხის შემდეგ ჩნდება კითხვა – ვინ გაწირავს საკუთარ ქვეყანას სხვისი პოლიტიკური ამბიციებისათვის? თუ ლოგიკურად მივყვებით პროცესს, მკვეთრ და კრიტიკულ განცხადებებს უნდა ველოდეთ. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მეორე ფრონტზე უარს ამბობენ არა რუსეთის გაფრთხილების გამო, არამედ საკუთარი ქვეყნის გადარჩენისათვის, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა, მიწასთან გასწორებულმა ქალაქებმა, სოფლებმა, ათი ათასობით დაღუპულმა ადამიანმა, ქვეყნიდან 10 მილიონამდე მოსახლეობის ემიგრაციამ და 20 პროცენტის ოკუპაციამ ბევრი სახელმწიფო გამოაფხიზლა.


ფაქტია, რომ ერთწლიანი ომის შემდეგ ჩვენ სავალალო შედეგი გვაქვს უკრაინის მხარეს. თუ კი ვამბობთ, რომ ეს ტერიტორიები რუსეთი მხრიდან უკვე ოკუპირებულია, ე.ი. რუსეთს თავისი საწადლისთვის მიუღწევია. ამიტომ ან ფრთხილად უნდა ვიყოთ განცხადებებში, ან თუ ეს მიზანმიმართულად ითქმება უცხოეთის მხრიდან, მაშინ მისი ტექსტის წაკითხვაც არ არის რთული. ჩვენს რეგიონში ჩაშლილმა მეორე ფრონტის გეგმამ შესაძლოა, პრობლემები შექმნას თავად იქ, სადაც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ. თანამედროვე გლობალური პოლიტიკის ლიდერები კარგავენ მართვის სადავეებს. რეალურად, სათქმელად უფრო მეტი დროა საჭირო იმიტომ, რომ ტყუილი დღეს დომინირებს. სიმართლეს რომ სჭირდება ხელისუფლების და საზოგადოების ერთობა, ეს თურქეთშიც კი დამტკიცდა. როცა ხელისუფლება და საზოგადოება არის ერთი, ვერანაირი გარე ძალა საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ვერ გადაფარავს. ეს არის სწორედ ჩვენი – „ხალხის ძალის” მიზანი რომ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესები იქნას დაცული”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930