3-06-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია სტუდენტებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, რექტორი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. თავის მხრივ, რექტორმა სტუდენტებს ის ინფრასტრუქტურული სიახლეები გააცნო, რაც მათ ფაკულტეტზე იგეგმება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი შენობის მშენებლობის საკითხს, რომელიც ადმინისტრაციასთან ერთად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს დაეთმობა. ამ ეტაპზე გამოცხადებულია პროექტირების კონკურსი, რომელშიც ჩართულები არიან ხელოვნებათმცოდნეები, ურბანისტები, არქიტექტორები. კონკურსის დასრულებისთანავე მოეწყობა პროექტების საჯარო განხილვა, რომელშიც სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
გარდა ამისა, რექტორის ინფორმაციით, გარემონტდება თსუ მეექვსე კორპუსი, სადაც ამ ეტაპზე სოციალურ და პოლიტიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტია განთავსებული. კორპუსი აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით. მათ შორის, ფაკულტეტს უკვე გადაეცა 6 კომპიუტერი და ინტერაქტიული დაფა. ასევე, გარემონტდება თსუ IV კორპუსი, სადაც მოეწყობა სივრცეები პროფესორებისთვის.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობასა და საგამოცდო ცენტრის შენობის საკითხზეც, რომლის სრული რემონტი ზაფხულში იგეგმება. რექტორის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საგამოცდო ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და საგამოცდო პროცესი სრულად კომპიუტერების გამოყენებით წარიმართება.
სტუდენტებთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა ასევე ბილინგვური სწავლების შემოღებაზე, ენების შემსწავლელი ცენტრის რეფორმაზე, სახელმძღვანელოების თარგმნის პროცესში სტუდენტების ჩართულობაზე. ხაზგასმით აღინიშნა სტუდენტთა სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობები. რექტორის ინიციატივით თსუ სტუდენტები საელჩოებში, საკონსულოებში და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში გაივლიან სტაჟირებას. ასევე, შეიქმნება სოციოლოგი სტუდენტების ჯგუფი, რომლებიც ჩაატარებენ კვლევებს ფაკულტეტებზე არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, აღნიშნული პრაქტიკა ჩაითვლება სტაჟირებაში და იქნება ანაზღაურებადი.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სტუდენტურ პროექტებზეც, რომელთა დაფინანსებაზე წელს 800 ათასი ლარია გამოყოფილი. რექტორის ინფორმაციით, მომავალი წლიდან სტუდენტების წახალისების მიზნით, იგეგმება სტუდენტური პროექტების ბიუჯეტის კიდევ უფრო გაზრდა.
16-11-2024
16-11-2024