გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: უსაფუძვლო კრიტიკასა და ბრალდებებზე ფაქტებით პასუხის გაცემა რატომ არის ანტიდასავლური რიტორიკა და რუსეთისკენ ნაბიჯი? ზუსტად საბჭოთა კავშირის დროს იდევნებოდა სიმართლე

12-06-2023

„სიმართლის თქმა, უსაფუძვლო კრიტიკასა და ბრალდებებზე ფაქტებით პასუხის გაცემა რატომ არის ანტიდასავლური რიტორიკა და რუსეთისკენ ნაბიჯი? ზუსტად საბჭოთა კავშირის დროს იდევნებოდა სიმართლე, ნებისმიერი თავისუფალი აზრი და ციხეებსა და საავადმყოფოებში ყრიდნენ ხალხს. აქედან გამომდინარე, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს ბატონ-ყმური, ვასალური, მონური დამოკიდებულებაა - „შენ ვალდებული ხარ, რადგან ჩვენ გვინდა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილისგან საქართველოსთან მიმართებით ყოველთვის ორმაგი სტანდარტია და იშვიათად, რომ სამართლიანობა დაიცვან.

 

„დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილისგან საქართველოსთან მიმართებით ყოველთვის კლასიკური ორმაგი სტანდარტია, იშვიათად, რომ სამართლიანობა დაიცვან. ევროპარლამენტის, ევროკავშირის თუ ევროპული დედაქალაქის რომელიმე მაღალი თანამდებობის პირი იქნება, საქართველოს როგორც მეშვიდე ხარისხოვან ქვეყანას, ისე აღიქვამენ. ყველა თავს იმის უფლებას აძლევს, რომ დამრიგებლური, დიდაქტიკური ტონით გვესაუბრონ, რომ „იცით, ეს ასე არის და თქვენ ეს ასე უნდა გააკეთოთ!“.


ღირსების გრძნობის შენარჩუნებაზე საერთოდ არ ფიქრობენ. თუმცა, ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტებს თუ ჩავხედავთ (იგივე, ასოცირების ხელშეკრულებას), ღირსების დაცვა და პატივისცემა ამ ყველაფრის ლაიტმოტივია. ღირსება ჩვენთვის, ქართველებისთვის, ქართული საზოგადოებისთვის არის ერთ-ერთი მძლავრი და წითელი ხაზი, რომელსაც ყოველთვის დავიცავთ და რომელზე შეხებაც საზოგადოების აღშფოთებას იწვევს. ასევე, თუ ვინმემ კრიტიკულად უპასუხა დასავლელი პოლიტიკოსების უსაფუძვლო ბრალდებებს და გამოხტომებს, იმ წამსვე ანტიდასავლურ რიტორიკაში ადანაშაულებენ. მით უმეტეს, ჩვენ, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს, ყველას გვადანაშაულებენ ამაში იმიტომ, რომ სიმართლეს ვლაპარაკობთ.


ვლაპარაკობთ სიმართლეს იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვის ეხება ეს - აშშ-ის თუ ევროკავშირის მოქმედ თუ გადამდგარ ჩინოსანს. ვინმემ ამიხსნას, სიმართლის თქმა, უსაფუძვლო კრიტიკასა და ბრალდებებზე ფაქტებით პასუხის გაცემა რატომ არის ანტიდასავლური რიტორიკა და რუსეთისკენ ნაბიჯი? ზუსტად საბჭოთა კავშირის დროს იდევნებოდა სიმართლე, ნებისმიერი თავისუფალი აზრი და ციხეებსა და საავადმყოფოებში ყრიდნენ ხალხს. აქედან გამომდინარე, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს ბატონ-ყმური, ვასალური, მონური დამოკიდებულებაა - „შენ ვალდებული ხარ, რადგან ჩვენ გვინდა“. ყოველთვის ვამბობ, დიახ, ჩვენ გვინდა ევროკავშირში.


ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გვინდა ევროკავშირის უსაფრთხოების ქოლგა, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ სწორედაც იმ აგრესორი ქვეყნისაგან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს. სხვათა შორის, მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას და საქართველოს არ შევთავაზეთ უსაფრთხოების არანაირი გარანტიაო. ამ ფონზე, ჩვენგან მოითხოვენ ისეთ უპასუხისმგებლო, დაუსაბუთებელ ქმედებებს საკუთარი ერისა და ქვეყნის წინაშე, რაც საქართველოს გარდაუვალად მიიყვანს ომამდე.


ამისკენ ან პირდაპირი მოწოდებებია უკრაინის მოქმედი თუ გადამდგარი მაღალჩინოსნების მხრიდან, ან ირიბი მოწოდებებია სხვებისგან. ამ ყველაფრის ფონზე სანაცვლოდ არაფერს არ გვთავაზობენ - არც უსაფრთხოებას, არც ეკონომიკურ დაცვას. გვეუბნებიან, რომ არ აღვადგინოთ ფრენები, რუსეთს ორმხრივი სანქციები დავუწესოთ, რომ დავაზარალოთ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა, ეკონომიკური განვითარება და რისთვის? ბოლოს რომ თავზე ხელი გადაგვისვან და გვითხრან, ყოჩაღ, მაგრები ხართო? არც ერთი ნაბიჯი წინ არ იქნება ამით ევროინტეგრაციის გზაზე, იქნება უბრალოდ შექება - „მაგრები ხართ“ და მორჩა“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930