21-06-2023
„მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა დეგნანმა ერთიანობისკენ მოგვიწოდა, ფაქტია, რომ აშშ-ის საელჩო იმ ორგანიზაციებს, მათ შორის მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს, რომლებიც მარტის აქციებში იღებდნენ მონაწილეობას“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.
მისი თქმით, პატივისცემა უნდა გამოვხატოთ უცხოელების მიმართ, მაგრამ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ.
„ამ ქალბატონთან, კელი დეგნანთან, „ხალხის ძალის“ დამოკიდებულება საზოგადოებისთვის ცნობილია. გუშინდელი მისი განცხადება იმ ადამიანის იყო, რომელიც ქვეყანას ტოვებს და თითქოს შემრიგებლური პოზიცია დაიკავა. ისე დაასრულა განცხადება, რომ ცნობილი გამოთქმა რომ გამოვიყენოთ, უნდა ვუპასუხოთ - „კაი, ჩემო დაო“, გავითვალისწინებთ თქვენს ამ „ძალა ერთობაშიას“ და მოწოდებას დეპოლარიზაციაზე. დრო არის, რომ ჩვენი ძალისხმევით, მთავრობის პრინციპული პოზიციის დაკავებით და ქვეყნის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებით, ყველას მიმართ იყოს მოწოდება დეპოლარიზაციის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს შეგვშლია პარტნიორებთან ურთიერთობა, არც მათი პატივისცემა და არც ქვეყნის წინაშე მათი დამსახურება გამოგვრჩენია, უნდა ითქვას, რომ პარტნიორებისგან წნეხი მართლა არსებობს და ამაზე სხვა ქვეყნებიც ალაპარაკდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა დეგნანმა ერთიანობისკენ მოგვიწოდა, ფაქტია, რომ აშშ-ის საელჩო იმ ორგანიზაციებს, მათ შორის მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს, რომლებიც მარტის აქციებში იღებდნენ მონაწილეობას. დროა, ყველამ გაიგოს, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის.
რაც არ უნდა მოინდომონ, რაც არ უნდა მოიარონ საქართველოს სიწმინდეები, ეკლესიები თუ რეგიონები, ხომ წარმოუდგენელია, რომ ვინმეს ჩვენზე მეტად უნდოდეს ამ ქვეყნის კეთილდღეობა? პატივისცემა გამოვხატოთ უცხოელების მიმართ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. ეს უნდა იყოს უმთავრესი და აქედან გამომდინარე არანაირი კითხვის დასმა არ უნდა მოგვერიდოს, ვინც არ უნდა იყოს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024