22-06-2023
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით ევროკომისრის შეფასებას ეხმაურება. როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, იმ ფონზე, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმთან შედარებით, დღეს, მედიასაშუალებებს თავისუფლად მუშაობის საშუალება აქვთ, ევროკომისრის შენიშვნები მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით აჩვენებს, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებები არა ობიექტურად, არამედ, პოლიტიკური ხასიათით მიიღება, რაც ევროპაში არსებული სამართლიანობის შესახებ აქამდე არსებულ წარმოდგენებს უარყოფითისკენ ცვლის.
„ევროპა თანდათან უფრო და უფრო გვაოცებს თავისი გადაწყვეტილებებით. რა კარგი ყოფილა, როდესაც ევროკავშირზე მხოლოდ ვოცნებობდით იდეალური წარმოსახვებით და რა იმედგაცრუებაა ასეთი კონკრეტული ფაქტები. მოუხედავად იმისა, რომ ევროკომისრის გამოსვლაში პოზიტიური შეფასებებიც იყო, გამაოგნებელი იყო ის შენიშვნები, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მაგალითად, მედიაპლურალიზმზე.
ამ სფეროში შეუძლებელია ვერ ხედავდე განსხვავებას მედიის უკიდეგანო თავისუფლების კუთხით წინა ხელისუფლებასთან შედარებით. თუ მივყვებით იმ ლოგიკას, რომ ევროპას არ აინტერესებს შედარებითი ანალიზი ძველსა და ახალ ხელისუფლებას შორის, მათთვის მთავარია დღევანდელი რეალობა, მაშინ გავაანალიზოთ დღევანდელი მედიაპლურალიზმი საქართველოში.
ვსვამ კითხვებს:
მაგალითად, ნოდარ მელაძის „სიცრუის შაბათი“ პლურალიზმია თუ კრიმინალი? ან სხვა ოპოზიციური ტელევიზიების გადაცემებში უბინძურესი ცილისწამებები განსხვავებული აზრის მქონე პიროვნებების მიმართ რომელ დემოკრატიულ პრინციპებში წერია? კიდევ როგორ უნდა იძალადონ ჟურნალისტებმა ჩვენზე, რომ მედიაპლურალიზმი შესრულებულად ჩაგვითვალოს ევროპამ? იქნებ მიგვითითოს ვინმემ, რა უნდა გაკეთდეს იმაზე მეტი საქართველოში მედიაპლურალიზმის კუთხით, ვიდრე დღეს არის? ამაზე მეტი კი არა, ასეთი მედია-თავისუფლება, უფრო სწორად, მედია-თავხედობა, ევროპულ სახელმწიფოებშიც კი არ არის.
და თუკი ეს ირიბად ნიკა გვარამიას საქმეს გულისხმობს, მაშინ მთლად უარესი, ევროპას ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან კრიმინალი და მედიაპლურალიზმი. საბოლოოდ, ამ შეუთავსებელ ფაქტებზე დაყრდნობით, შეგვიძლია მხოლოდ ერთი ანალიზი გავაკეთოთ - სტატუსის მონიჭება, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არაფერი აქვს საერთო თორმეტპუნქტიან გეგმასთან. დღევანდელი შენიშვნებიც და ალბათ მოსალოდნელიც შემოდგომაზე, ძირითადად ძველი თამაშის გაგრძელებაა. ევროპა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უპირველესად, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. ანუ, დეკემბერში საქართველოს დიდი ალბათობით, დამსახურებულად სტატუსს მისცემენ“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
16-11-2024
16-11-2024