23-06-2023
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით, იტალიის პროფესიონალ სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯუზეპე ვაკარინი თბილისში, ქუთაისსა და თელავში სასწავლო კურსს ატარებს.
სასწავლო კურსს ღვინის ტურიზმის 120 წარმომადგენელი ესწრება.კურსი საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის სტანდარტის მიხედვით შექმნილი საერთაშორისო სასწავლო პროგრამის ფარგლებში იმართება.
სასწავლო პროგრამის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელიმაია ომიაძე.
“საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით საქართველოს ეწვია იტალიის პროფესიონალ სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელიც მასტერკლასებს მართავს საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და თელავში. უნდა აღინიშნოს, რომ 120 მონაწილეა ბენეფიციარი, ვინც მონაწილეობს ამ პროგრამაში. პროექტი მიზნად ისახავს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, კერძოდ ღვინის ტურიზმის მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას“,-აცხადებს მაია ომიაძე.
სასწავლო პროგრამის მიზანია მოწინავე და უმაღლესი მომსახურების სტანდარტის განვითარება სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, ტურისტებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
„ეს ერთობლივი პროექტია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის. ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო, გვაქვს არაჩვეულებრივი ღვინო, თუმცა დღეს უფრო ცნობილი ვართ ღვინის ისტორიით, ვიდრე ღვინით, იმისათვის, რომ საქართველო მოხვდეს მსოფლიო ღვინის რუკაზე ღვინით, რომ შევქმნათ უფრო მნიშვნელოვანი ღვინო, რომ შეგვეძლოს ღვინის საერთაშორისო შეფასება ისეთ მაღალ დონეზე რასაც ჰქვია მსოფლიოს სომელიეთა ასოციაცია, ამ მიზნით იმყოფება დღეს ჩვენთანჯუზეპე ვაკარინი“,-განაცხადა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვამ ხეცურიანმა.
სასწავლო კურსისმონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. ხოლო მათ, ვისაც უკვე სრულად გავლილი ექნება მოსამზადებელი პროგრამა,შესაძლებლობა ექნებათ ჩააბარონ საერთაშორისო სომელიეთა პირველი დონისგამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კი, გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატი (Association de la Sommellerie Internationale – ASI Certification level 1), რომელიც 63 ქვეყანაშია აღიარებული.
ჯუზეპე ვაკარინი იტალიის პროფესიონალ სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, მსოფლიოს საუკეთესო სომელიე და მრავალი სასწავლო წიგნის ავტორია.
„სასწავლო პროგრამის მონაწილეებთან ვსაუბრობთ სომელიეს პროფესიის განვითარების, ღვინის მომზადების შესახებ, თუ როგორ უნდა მივიღოთ საუკეთესო სასმელი. იმედი მაქვს კურსის მონაწილეები მიაღწევენ დასახულ მიზანს, ისინი წარმატებით ჩააბარებენ გამოცდას. ეს პირველი ნაბიჯია სომელიეთა საერთაშორისო ასოციაციის პირველი სერტიფიკატის მისაღებად“,-აცხადებს ჯუზეპე ვაკარინი.
16-11-2024
16-11-2024