23-06-2023
ევროკომისრის შეფასებები ადასტურებს, რამხელა შრომა გასწია რეკომენდაციების შესრულებისთვის საქართველოს ხელისუფლებამ, განსაკუთრებით, საქართველოს პარლამენტმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილი თქმით, კარგია, რომ პირველად იყო ეს შესაძლებლობა, უმრავლესობას შუალედური ანგარიშის მეშვეობით მოესმინა ის მოლოდინები, რომლებიც ევროკომისიას აქვს ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
„გუშინ გავიგეთ, რომ საქართველომ და მოლდოვამ სამი რეკომენდაცია უკვე შევასრულეთ, უკრაინას ჯერ ორი რეკომენდაცია აქვს შესრულებული. სხვა რეკომენდაციებს რაც შეეხება, აქაც არის დიდი პროგრესი. კარგია, რომ პირველად იყო ეს შესაძლებლობა, შუალედური ანგარიშის მეშვეობით მოგვესმინა ის მოლოდინები, რომლებიც ევროკომისიას აქვს ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, ოქტომბრის ბოლოსთვის როდესაც იქნება საბოლოო შეფასება, ჩვენი შემდგომი საქმიანობიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, ყველა რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვლება.
მნიშვნელოვანია, რომ, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება არ იყო ასახული ამ შეფასებაში. იცით, რომ პარლამენტი ბოლო კვირებშიც ინტენსიურად მუშაობდა და მივიღეთ რამდენიმე კანონი. ასე რომ, ჩვენ გვექნება დიალოგი ბრიუსელთან, რომ ეს ცვლილებები და ასევე შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს, სათანადოდ იყოს ასახული ამ რეკომენდაციების შესრულების მხრივ.
ჩვენ და მოლდოვას შესრულებული გვაქვს სამი რეკომენდაცია. ვნახეთ, რომ უკრაინას ჯერ ორი აქვს და ეს მიღწევაც მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოს, რომელ გარემოშიც უწევდა პარლამენტს მუშაობა. შეგახსენებთ, ოპოზიციის ბოიკოტი, ობსტრუქცია, დეზინფორმაციული კამპანიები საქართველოს წინააღმდეგ და მიუხედავად ამ დესტრუქციისა და ობსტრუქციისა ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, საქართველომ მაინც შეძლო და ხედავთ, რომ კვლავ ლიდერ პოზიციებზეა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ სტოკჰოლმში ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ზეპირი ანგარიში წარადგინა.
16-11-2024
16-11-2024