24-06-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოქმედებითი ვორქშოფის „წერის არქიტექტურის“ ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლები ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით გაბუნია სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს ლიტერატურული წერის ტექნიკას გააცნობენ. კერძოდ, ისინი პერსონაჟის შექმნასა და კარგი დიალოგის წერაზე ისაუბრებენ.
შემოქმედებითი ვორქშოფი „წერის არქიტექტურა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტის - სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ ნაწილია. ყოველ წელს ლეგენდის გამოცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე უნივერსიტეტი მასპინძლობს ორდღიან პრაქტიკულ ვორქშოფს ლიტერატურაში, რომელიც ეხმარება სტუდენტებს დაეუფლონ ლიტერატურული წერის ტექნიკას. წელს ვორქშოფი "ბიბლუსთან" პარტნიორობით იმართება.
შემოქმედებითი ვორქშოფისთვის თბილისში აკრედიტირებული სხვადასხვა უნივერსიტეტის კონკურსის საფუძველზე 15 სტუდენტი შეირჩა. ტრადიციულად შემოქმედებითი ვორქშოფის მთავარი თემაა - როგორ შევქმნათ ამბავი. ხუთი ტრენერი სხვადასხვა თემაზე პრაქტიკული სავარჯიშოებით დატვირთულ სესიებს მართავს, ვორქშოფი ბექა ადამაშვილმა გახსნა თემით „როგორ იბადება იდეები, როგორ დავხვეწოთ ისინი“, ვორქშოფი ბასა ჯანიკაშვილის ტრენინგით „კონტექსტი და წინაპირობა - როგორ განვითარდეს ნაწარმოები“ გაგრძელდა და მარი ბექაურის თემით „ნაწარმოების სტრუქტურა - როგორ ავაგოთ სიუჟეტი“ დასრულდა.
პროექტის ძირითადი მიზანია შექმნას სტუდენტებისთვის საინტერესო და სასარგებლო პრაქტიკული კურსი და მოამზადოს ისინი „შემოდგომის ლეგენდის“ კონკურსისთვის. კურსის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ როგორ მოიფიქრონ საინტერესო და მიმზიდველი სათაური, როგორ შექმნან სიუჟეტი, მოყვნენ ამბავს საინტერესოდ და წერონ გამართული დიალოგები, როგორ გამოიმუშაონ წერის საკუთარი სტილი, დაეუფლონ ძირითად ლიტერატურულ ხერხებს, შეიქმნან მწერლისთვის აუცილებელი საბაზისო უნარ-ჩვევები და უფრო მარტივად დაწერონ ახალი ნაშრომები.
ტრადიციულად კურსის ბოლოს მინიკონკურსი გამოცხადდება, სადაც მონაწილეები ტრენერების დავალებით ახალნაშრომებს შექმნიან. საუკეთესო ნამუშევრის ავტორი ავტომატურად შემოდგომის ლეგენდის ფინალისტი გახდება, დანარჩენ მონაწილეებს სპეციალური პრიზები და სერტიფიკატები გადაეცემათ.
16-11-2024
16-11-2024