25-06-2023
საქართველოს პროკურატურამ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინტერვიუს მიმდინარეობისას, ისევე როგორც სასამართლოში დაკითხვის დროს, ბრალდებულმა განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამის აღმოჩენის შემდგომ, საქმეზე გამოძიება უშუალოდ მან დაიწყო.
„მიმდინარე წლის 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის 3 წლის შემდეგ, დაკავებულმა ერთ-ერთ ტელეკომპანიას ინტერვიუ მისცა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებული გარკვეული გარემოებების შესახებ.
ინტერვიუს მიმდინარეობის დროს გაცხადებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება.
სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას ბრალდებულმა, ტელეკომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია გაიმეორა, რაც არაერთ ტყუილს შეიცავდა და მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას.
ინტერვიუს მიმდინარეობისას, ისევე როგორც სასამართლოში დაკითხვის დროს, ბრალდებულმა განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამის აღმოჩენის შემდგომ, საქმეზე გამოძიება უშუალოდ მან დაიწყო.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2020 წლის 19 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრი წყაროს რაიონული სამმართველოში.
მოცემული მომენტისთვის ბრალდებული პოლიციის ხსენებულ განყოფილებაში საერთოდ არ მუშაობდა და სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია, რომ გამოძიება დაიწყო არა ბრალდებულმა, არამედ გამომძიებელმა ჯიმშერ აფციაურმა.
ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამის აღმოჩენის დღეს, დაახლოებით 16:00-16:30 დროის პერიოდში, სანამ შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდებოდა, მასთან გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ტელეფონი დაულუქავ მდგომარეობაში მოუტანა. ბრალდებულის მონათხრობით, თითქოს, ელგუჯა აპუაშვილმა მას ასევე გადასცა ლუქი და უთხრა, რომ ბრალდებულს უნდა დაელუქა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი. ბრალდებულის ჩვენებით, მობილური ტელეფონი იყო გაწმენდილ მდგომარეობაში, რომელიც მან დალუქა და ელგუჯა აპუაშვილს უკან გაატანა. მისივე განმარტებით, 2020 წლის 23 ან 24 ივლისს, მობილური ტელეფონის დათვალიერების მიზნით, გახსნა მის მიერვე დალუქული პაკეტი, რის თაობაზე შეადგინა შესაბამისი ოქმი.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 ივლისს, 13:35 საათიდან 19:20 საათამდე დროის მონაკვეთში, დათვალიერდა თეთრი წყაროს რაიონის სოფელ მაწევნის ტერიტორია და თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა.
საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან, სხვა ნივთებთან ერთად, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ამოიღეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი საგამოძიებო მოქმედებაში არ მონაწილეობდა. უფრო მეტიც, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას უწვეტად მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედების პროცესის ვიდეოგადაღება, ასევე განხორციელდა ადგილმდებარეობის და შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება. ვიდეოჩანაწერში ნათლად და მკაფიოდ ჩანს, რომ გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი არ მონაწილეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში.
რაც შეეხება იმას, რომ თითქოსდა ელგუჯა აპუაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი ბრალდებულს მიუტანა დაულუქავ მდგომარეობაში, გასუფთავებული და მასზე არ აღინიშნებოდა არანაირი ლაქა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტო და ვიდეომასალით დასტურდება, რომ ავტომანქანიდან ამოღებული მობილური ტელეფონი, შესაბამისი პროცედურის დაცვით, შემთხვევის ადგილზევე დაილუქა: ტელეფონი დასვრილი იყო გვამიდან გამოჟონილი სითხით და მატლებით, რის გამოც ექსპერტების მიერ სპეციალურ მაგიდაზე არსებულ თაბახის ფურცელზე მოთავსების შემდგომ, შეხვეულ იქნა დოლბანდში და დაილუქა სპეციალურ პაკეტში.
იმავე დალუქული სპეციალური პაკეტით, ისე, რომ არ მომხდარა მისი გახსნა, 2020 წლის 23 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი, მასზე არსებული კვალის ნიმუშების აღების მიზნით, არა ბრალდებულის, არამედ სხვა გამომძიებლის მიერ იგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. აღნიშნული დეპარტამენტის 2020 წლის 24 ივლისის წერილით ირკვევა, რომ გამომძიებელს თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი, დალუქული სახით, სამ სხვა პაკეტთან, მათ შორის - მობილური ტელეფონიდან აღებულ ე.წ. „შემკვრივებულ მასასთან“ ერთად უბრუნდება.
დალუქული მობილური ტელეფონი, იმავე დღეს, იგზავნება ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საექსპერტო კვლევისთვის, საიდანაც, ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, საგამოძიებო ორგანოს უბრუნდება 2020 წლის 12 აგვისტოს. 2020 წლის 22 ივლისიდან 12 აგვისტომდე პერიოდში, დალუქული მობილური ტელეფონის გახსნა არცერთი გამომძიებლების მიერ არ მომხდარა.
ჩატარებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ექსპერტი, რომელმაც 2020 წლის 23 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან ნიმუშები აიღო. ექსპერტმა გამოკითხვისას განმარტა, რომ გამომძიებლის მიერ წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულება - მობილური ტელეფონი იყო დალუქული შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის სპეციალურ პაკეტში და მისი მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ექსპერტის ჩვენებით, ნივთმტკიცების გახსნისას აღმოჩნდა, რომ მობილური ტელეფონი ჭრელი ფერის დამცავით მოთავსებული იყო თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში, შეხვეული იყო სამედიცინო დოლბანდში, ნივთმტკიცების პაკეტში იყო მატლები.
ექსპერტის ჩვენება სრულ თანხვედრაშია საექსპერტო დასკვნის ფოტოილუსტრაციასთან, საიდანაც დასტურდება, რომ ექსპერტთან მობილური ტელეფონი მივიდა შემთხვევის ადგილზე მისი დალუქვისას არსებული მდგომარეობით და შუალედში ლუქის გახსნას ადგილი არ ჰქონია - შემთხვევის ადგილზე გამოყენებული სპეცპაკეტის გახსნის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა მისი პირვალდენი მდგომარეობის აღდგენა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მიერ ინტერვიუს დროს ხსენებული ლუქის გამოყენება, სპეცპაკეტის შემთხვევაში საერთოდ არ ხდება - სპეცპაკეტი განკუთვნილია ნივთების დასალუქად და ცალკე ლუქის დაწებებას/დაკვრას არ საჭიროებს.
შესაბამისად, უტყუარად დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი დაილუქა შემთხვევის ადგილზე და ამავე, დალუქულ მდგომარეობაში, მეორე დღეს, 23 ივლისს, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, ხოლო შემდგომ - ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საიდანაც დაბრუნდა 2020 წლის 12 აგვისტოს. ამდენად, ცალსახაა, რომ 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი, დაულუქავ მდგომარეობაში, ბრალდებულთან ვერ მოხვდებოდა და ის მომდევნო დღეებში ტელეფონს ვერ დაათვალიერებდა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2020 წლის 22 ივლისს, 16:46 საათამდე ბრალდებული იმყოფება რუსთავში, ხოლო 16:48 საათზე უკვე ფონიჭალაშია და მოემართება თბილისისკენ, სადაც რჩება 23 ივლისის 01:29 საათამდე. შესაბამისად, იმ პერიოდში, როდესაც სერგო შუბითიძე უთითებს ელგუჯა აპუაშვილის მიერ ტელეფონის მიტანას, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი არის შემთხვევის ადგილას და გამომძიებლების, ექსპერტების და ადვოკატის მონაწილეობით ხორციელდება მობილური ტელეფონის ამოღების პროცედურები. თავად სერგო შუბითიძე კი ამ დროს იმყოფება თბილისში.
ბრალდებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას ასევე ისაუბრა, რომ თითქოსდა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონში შენახული იყო მხოლოდ 2020 წლის 18 ივლისის შემდგომი პერიოდის ინფორმაცია, ხოლო მანამდე არსებული ინფორმაცია წაშლილი იყო.
აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებითაც გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სასამართლოს აწვდის ცრუ ჩვენებას, ვინაიდან, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი არ გახსნილა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაგზავნამდე. შესაბამისად, არ დათვალიერებულა არც ერთი გამომძიებლის მიერ, მათ შორის - არც სერგო შუბითიძის მიერ. ვინაიდან, არ იყო ცნობილი თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ე.წ. ფასკოდი.
სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა, მხოლოდ სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეძლეს მობილური ტელეფონის მეხსიერებაში შეღწევა, რის შედეგადაც ტელეფონში არსებული ინფორმაციის ამოღება მოხდა. ამოღებული ინფორმაციით ცალსახად დასტურდება, რომ 2020 წლის 18 ივლისამდე პერიოდის ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონში არსებობდა.
გარდა ამისა, ბრალდებულმა სატელევიზიო ინტერვიუში და სასამართლოში მიცემული ჩვენებისას განმარტა, რომ მან თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოკითხა იმ კომპანიის თანამშრომლები, სადაც დასაქმებული იყო თამარ ბაჩალიაშვილი. მას წინასწარ განუსაზღვრეს ის კითხვები, რომლებიც უნდა დაესვა მოწმეებისთვის. ბრალდებულის განმარტებით, მან გამოკითხა კომპანიის 4-6 თანამშრომელი.
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმიდან ამოღებულ იქნა კომპანია „ზეგის“ თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები, რომელთა მიხედვით დადგინდა, რომ არცერთი მათგანი არ არის შედგენილი ბრალდებულის მიერ. მიუხედავად ამისა, გამოძიების ფარგლებში ხელახლა გამოიკითხა აღნიშნული კომპანიის ყველა, 45-ვე თანამშრომელი, რის შედეგადაც კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ ბრალდებულს არც ერთ მათგანთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილშიც, დაკავებულმა, სასამართლოს, მიაწოდა ცრუ ინფორმაცია.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნით, 2020 წლის 29 ივლისს, გამოძიების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს. ამის შემდგომ ოჯახმა მოითხოვა საქმის გადაცემა პროკურატურისთვის, რაც ასევე დაკმაყოფილდა და 2020 წლის 17 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმე გადაეცა თბილისის პროკურატურას.
საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, პროკურატურის გამომძიებლების მიერ ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი, ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა. დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეო ჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტები, ასევე დამუშავდა სატელეფონო ზარები.
აღდგა და შესწავლილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შენახული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში. სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით სოციალურ ქსელ “facebook”-იდან და „Instagram“-იდან გამოთხოვილი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის “facebook და Instagram ანგარიშებთან“ დაკავშირებული სრული ინფორმაცია.
გარდა ამისა, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ბოლო დღეების ქრონოლოგია, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ბოლო წლების გარემოებები და ფაქტები. სწორედ პროკურატურის გამომძიებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლივმა ანალიზმა უტყუარად დაადასტურა ის ფაქტი, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
რაც შეეხება დაკავებულს, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული დაახლოებით 1500 საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებიდან, მის მიერ მოწმის სახით გამოკითხულია სამედიცინო ექსპერტი და გამომძიებელი, ასევე, მან თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, შეადგინა 11 ნიმუშის აღების ოქმი, 2 ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, 4 დათვალიერების ოქმი და 2 ამოღების ოქმი. სხვა საგამოძიებო მოქმედებები ხსენებულ პირს თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეში არ ჩაუტარებია.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარედგინება, რაც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საზოგადოებას ასევე შევახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა პერიოდში ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებს. მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა“, - ნათქვამია განცხადებაში.
16-11-2024
16-11-2024