27-06-2023
ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან, ქართული დელეგაციის წევრებთან და მასპინძლებთან_ ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან ერთად, ქ. აარდენბურგის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულა. ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ლეონ იანსმა, სტუმრებს გააცნო ცენტრის მუშაობის სტრუქტურა, დაათვალიერებინა საპროთეზო საამქროები; კობა კობალაძემ და მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა და ჰოლანდიურმა მხარემ, ერთმანეთს, გამოცდილება გაუზიარეს. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
მოგვიანებით, ქართული დელეგაცია, მასპინძლებთან და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დავით სოლომონიასთან ერთად, ქ. ლოუსდენის სამხედრო სასაფლაოზე იმყოფებოდნენ; გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული თანამემამულეების საფლავები და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს;
ლოუსდენის სამხედრო სასაფლაოზე, სულ, 865 ჯარისკაცია დაკრძალული. მათ შორის, ერთ მწკრივში, 15 ქართველი ჯარისკაცის საფლავია. ეს 15 ქართველი, ნაცისტებმა, ჰოლანდიელ პარტიზანებთან კავშირისა და მათთვის საბრძოლო მასალის (88 ხელყუმბარის) გადაცემის მცდელობისას დააკავეს და იმავე ღამეს დახვრიტეს ფორტ ბევერვეიკში. ლოუსდენის სამხედრო სასაფლაოს, ნიდერლანდებში, ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებულად უვლის. ყოველი წლის 4 მაისს, ქვეყნის გათავისუფლების დღეს, სასაფლაოს ყვავილებით ამკობენ. აღსანიშნავია, რომ საფლავი N2104, რომელიც ჩვენს თანამემამულეს, კონსტანტინე სხირტლაძეს ეკუთვნის, ნიდერლანდების საზღვაო ძალების რეზერვის კომანდერმა, სამხედრო ვეტერანმა, სესილია ჯოანა ვან პესკიმ თავისი მფარველობის ქვეშ აიღო. იგი ჯარისკაცის შთამომავლებს, ჭიათურაში, სოფელ ზოდში დაუკავშირდა და საქართველოში ვიზიტის დროს მოინახულა.
ქართული დელეგაცია, ჰონალდიელმა მასპინძლებმა, ასევე, ქ. ბრონბეკის სამხედრო ვეტერანთა პანსიონსა და იქვე არსებულ მუზეუმში მიიწვიეს. პანსიონის დირექტორმა, პოლკოვნიკმა კარელ ვან დრეუმელმა, სტუმრებს პანსიონი დაათვალიერებინა, ესაუბრა იმ პროგრამებზე, რომლებიც ვეტერანთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის ხორციელდება; ქართულმა და ჰოლანდიურმა მხარემ თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს; კობა კობალაძე და ქართული დელეგაციის წევრები ჰოლანდიელ ვეტერანებს შეხვდნენ, გაესაუბრნენ; ასაკოვანი ჰოლანდიელი ვეტერანებისთვის, რომელთაგან, რამდენიმე, 100 წელს იყო მიტანებული, სასიხარულო იყო ქართველ ვეტერანებთან შეხვედრა. ბრონბეკის პანსიონი წარმოადგენს ისტორიულ შენობას, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული და 1845 წლამდე, ნიდერლანდების სამეფო სასახლე გახლდათ;
შეგახსენებთ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ოფიციალური მიწვევით, ნიდერლანდების სამეფოში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები_ გია ბენაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენლები.
კობა კობალაძისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში გრძელდება.
16-11-2024
16-11-2024