გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ მიქელაძე: როგორი დაპირისპირებაც არ უნდა ჰქონდეს ჩვენთვის მიუღებელ პუტინთან, ასეთი ადამიანების მხარდაჭერა, როგორიც პრიგოჟინია, არ შეიძლება

27-06-2023

„შეიძლება პრიგოჟინის მთელი ცხოვრების ისტორია არ იცოდე, რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი და როგორი კაციჭამიაა, მაგრამ ის ხომ მაინც ყველამ იცის, ბოლო პერიოდში, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან როგორ იყო დაკავშირებული? რამდენი ქალის, ბავშვის სიცოცხლის დასრულება და დასახიჩრებაა მისი და მისი მებრძოლების ზურგზე“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.


მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები დარჩებიან „ვაგნერელებად“ და პრიგოჟინისტებად.


„ხუმრობით ვიტყვი, მაგრამ ალბათ პრეზიდენტმა იმიტომ იჩქარა გვარამიას შეწყალება, რომ ჰქონდა ინფორმაცია ჩრდილოეთში ბუნტის შესახებ და უნდოდა გვარამია აქ გამოეყენებინა, რადგან ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მხარი დაუჭირა პრიგოჟინს და ლამის გმირობად ჩაუთვალა ყველაფერი.


გვარამიას მალევე აჰყვნენ მისი მეგობრები ოპოზიციიდან, რომლებმაც ლექსების წერაც კი დაიწყეს. ამ დროს ვსაუბრობთ ადამიანზე, პრიგოჟინზე, რომელიც ყველამ იცის, თუ რისი შემოქმედი იყო. შეიძლება მისი მთელი ცხოვრების ისტორია არ იცოდე, რამდენი დანაშაული აქვს და როგორი კაციჭამიაა, მაგრამ ის ხომ მაინც ყველამ იცის, ბოლო პერიოდში, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან როგორ იყო დაკავშირებული? ხორცსაკეპ მანქანას შევქმნიო და საუბედუროდ, შექმნა კიდეც ბახმუტში - რამდენი ქალის, ბავშვის სიცოცხლის დასრულება და დასახიჩრებაა მისი და მისი მებრძოლების ზურგზე. ამ ადამიანს რადიკალურმა ოპოზიციამ თითქოს გამართლება გამოუძებნა, რადგან პუტინს დაუპირისპირდა.


როგორი დაპირისპირებაც არ უნდა ჰქონდეს ჩვენთვის მიუღებელ პუტინთან, ასეთი ადამიანების მხარდაჭერა არ შეიძლება. ველოდი, რომ უკრაინის მხრიდან რაიმე განცხადება გაკეთდებოდა ამ თემაზე, მაგრამ იქაც სიჩუმეა, რადგან საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის იდეა არ მოხსნილა.


იქვე გაჟღერდა ეს იდეებიც - გამოჩნდნენ მათთან დაახლოებული ვიღაც ექსპერტები, რომელთაც თურმე ვიღაცები აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ რუსების რამდენიმე ბაზა ცარიელი იყო და ამით კიდევ ერთხელ მიანიშნებდნენ სამაჩაბლოსა და აფხაზეთისკენ „თავისუფლად გასეირნების“ შესახებ. ეს ის თემა და სქემაა, რაც თვეების წინ ბევრჯერ გავიარეთ, მაგრამ, მადლობა ხელისუფლებას, რომ ის მთავარი შეინარჩუნა, რასაც მშვიდობიანობა ჰქვია.


სხვანაირად ქვეყნის განვითარება ვერ მოხერხდება. რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები კი დარჩებიან „ვაგნერელებად“ და პრიგოჟინისტებად. როცა ეს ამბები ხდებოდა, რეგიონში ვიყავი და ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა რადიკალური ოპოზიციისა და ამათი მხარდამჭერების ეს საქციელი ერთი სიტყვით შეაფასეს - ასე რამ ააცანცარათო. ოპოზიციის ეს საქციელი იმას ნიშნავს, რომ ისინიც ვიღაცეების დაკვეთას ასრულებენ.“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930