30-06-2023
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პრემიერს კითხვით მიმართა.
ეკა სეფაშვილი დაინტერესდა, რამდენად მნიშვნელოვანი როლი უკავია რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ქცევას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.
„თქვენს ვრცელ გამოსვლაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეთ იმას თუ დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული და განხორციელებული რიტორიკა როგორ უშლის ხელს საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებას, როგორი მნიშვნელოვანია ომის საფრთხე თავიდან ავიცილოთ და რა მნიშვნელოვანი გამოწვევები ავირიდეთ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რათა შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, სტაბილურობა და უზრუნველგვეყო ის ეკონომიკური ზრდა, რომელმაც საშუალება მოგვცა ბიუჯეტს განეხორციელებინა მთელი რიგი სოციალური დატვირთვის მქონე ღონისძიებები და ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას ხმარდება.
ბატონო პრემიერო, მაინტერესებს, ახლა რამდენად შენარჩუნებულია ომის საფრთხე და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ახლა მოეგოს გონს ქვეყანაში არსებული ლოკალური ომის პარტია და თავი დაანებოს იმ რიტორიკას, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და რამდენად არის ეს საფრთხის მატარებელი იმ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჩაწერილი აქვს კონსტიტუციაში, 78-ე მუხლად.
და, თუ შეიძლება გვიპასუხოთ, რამდენად შეუწყობს ეს ხელს იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს, საქართველოსთვის წევრობის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რადგან ყველამ ვიცით და ყველა ვაცნობიერებთ, რომ რეკომენდაციები შესრულებულია, ისევე როგორც, ასოცირების შეთანხმების განხორციელება და შესრულება გრძელდება და ევროკავშირმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
რამდენად ნეგატიურ გავლენას ახდენს ამ ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე დესტრუქციული ოპოზიციის ნარატივი და რიტორიკა?“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ხალხის ძალის“ წევრს დაეთანხმა, რომ ქვეყანაში ომის საფრთხე შენარჩუნებულია და აღნიშნა, რომ მთავრობა რადიკალურ ოპოზიციას დესტაბილიზაციის საშუალებას არ მისცემს.
„ქალბატონო ეკა, თქვენ მკითხეთ, რამდენად შენარჩუნებულია ომის საფრთხე, არის, თუ არა ეს საფრთხე გამქრალი და თუ არის გამოწვევები. რა თქმა უნდა, გამოწვევები სახეზეა. ამის ერთ-ერთი ბოლო გამოვლინება, ამ დესტრუქციულ-ანარქისტული მოძრაობის მცდელობა იყო მარტის აქციები. სცადეს, რომ გულწრფელი ახალგაზრდის მღელვარება, რომელიც მათ მიერ იყო ორგანიზებული და ხელოვნურად გამოწვეული, გამოეყენებინათ საკუთარი ბინძური პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად.
რა თქმა უნდა, ამ ნაწილში საფრთხეები რჩება, ისინი არ უშვებენ ხელიდან პატარა შანსსაც კი, რომ ქვეყანაში შეიქმნას დესტაბილიზაცია. მინდა, შევახსენო საზოგადოებას რუსეთში განვითარებული ამბის, პრიგოჟინის ამბოხის მიმართ მათი აღტაცება, მათი მიზნები, გამონათქვამები და ზრახვები, არარაობა ჭიაბერაშვილის გამონათქვამები. ამათ თუ ჰგონიათ რომ თუ რამეს გაბედავენ, ჩვენი ხელისუფლება და ხალხი კი ასე დაუწყებს ყურებას, ძალიან ცდებიან. როგორც მიიღეს პასუხი 7-8 მარტს, ნებისმიერ კანონდარღვევაზე მიიღებენ 10-ჯერ მეტ პასუხს იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევიან ეს დესტრუქციული ჯგუფები. ამიტომ ამას სჭირდება მეტი კონტროლი, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები და პოლიცია, რომლებიც მოწოდების სიმაღლეზე არიან. არავის ვაპატიებთ პატარა გადაცდომასაც კი.
ჩვენ ჩვენს ქვეყანას თვალის ჩინივით, საკუთარი შვილივით ვუფრთხილდებით. ამ ადამიანებმა ერთხელ უკვე დაანგრიეს ეს ქვეყანა და არავითარ შემთხვევაში არ დავანგრევინებთ ხელმეორედ. ამიტომ ამ სიტუაციას სჭირდება გაფრთხილება და შენარჩუნება. რისკები, რა თქმა უნდა, შემცირებულია, თუმცა საფრთხეები არსებობს როგორც ქვეყნის გარედან, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ქვეყნის შიგნით არსებული მტრული, დესტრუქციული ძალების მხრიდან მომდინარე. ჩვენ 24 საათის მანძილზე ვსწავლობთ, ვაკვირდებით და ვცდილობთ რისკების შემცირებაs“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024