30-06-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დაარსებიდან 65 წლისთავს ულოცავს.
გიორგი ამილახვარი: „დღეს, 30 ივნისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 65 წელი შესრულდა. მსურს, ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ცენტრის თანამშრომლებს, ქართველ მეცნიერ-მკვლევრებსა და სრულიად საზოგადოებას.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, რომელიც უძველესი ხელნაწერი წიგნების და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია საქართველოში, მრავალი წელია ზრუნავს ჩვენი უნიკალური ინტელექტუალური და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურადვუწყობთ ხელს და მომავალშიც მხარს დავუჭერთ ცენტრს როგორც არსებული პროექტების განვითარებაში, ასევე, ახალი და ინოვაციური ინიციატივების განხორციელებაში.
მოხარული ვარ, რომ 65 წლის იუბილეს ცენტრი მასშტაბური ღონისძიებით ხვდება და მისი ორგანიზებით საქართველოში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა“ იმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართველ მეცნიერებთან ერთად ევროპის წამყვანი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები იღებენ.
სიმბოლურია, რომ წელს, ცენტრის იუბილესთან ერთად, ათონის ქართველთა მონასტრის – 1040 წლისთავსაც აღვნიშნავთ. ამ ორი თარიღის დაკავშირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დამფუძნებლების ეროვნული, სამეცნიერო პრინციპები ძალიან ახლოს იდგა ივირონის მწიგნობრული სკოლის წარმომადგენლების სულიერ და ინტელექტუალურ ფასეულობებთან. სწორედ ამ ღირსშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ივირონის მონასტერში შექმნილი ქართული ხელნაწერების კოლექციის გამოფენა გაიმართება და სტუმრებს საშუალება ექნებათ X-XI საუკუნეებში შექმნილ უნიკალურ ხელნაწერებს გაეცნონ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, მინდა, ცენტრის თანამშრომლების მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოვხატო, რომ დღემდე ასე ერთგულად ემსახურებიან საქართველოსთვის საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს!“
16-11-2024
16-11-2024