17-07-2023
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ,საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად,საქართველოს პირველი გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია 2050 საჯარო განხილვაზეწარადგინა. დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურად საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 24 აპრილს მიიღო, ხელს უწყობს კლიმატის ეროვნული სამოქმედო გეგმის განახლებას 2023-2025 წლებისთვის.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გახსნა. მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„კლიმატის ცვლილება მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა. ამ გამოწვევასთან გამკლავების კუთხით, განვითარებული ქვეყნები, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამენ. მნიშვნელოვანია, ამ პროცესს პატარა ქვეყნებიც შეუერთდნენ. ამ მიზნით, ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, სხვადასხვა უწყებასთან ერთად შევიმუშავეთ გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების კონცეფცია, რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს მოიცავს, მათ შორის: მშენებლობას, მრეწველობას, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, სოფლის მეურნეობას, ნარჩენების მართვას. კონცეფციის მთავარი მიზანია, 2050 წლისთვის, საქართველო გახდეს ნახშირბადნეიტრალური. კონცეფცია მთლიანად ეხმიანება ევროკავშირის მიდგომას კლიმატის პოლიტიკის ნაწილში და ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობასთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დეკარბონიზაციის გზაზე“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი ემსახურება სათბურის აირების გაფრქვევის შესამცირებლად შესაძლებლობების გამოვლენას და აღწერს იმ პრიორიტეტულ ნაბიჯებს, რაც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში (ენერგეტიკა, სამშენებლო სექტორი, ტრანსპორტი, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ნარჩენების მართვა, მიწათსარგებლობა, ტყის მართვა) უნდა გადაიდგას. სტრატეგია სრულად შეესაბამება პარიზის შეთანხმებას და მორგებულია საქართველოს რეალობაზე. დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სხვადასხვა საჯარო უწყებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა.
16-11-2024
16-11-2024