გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე: ასეთი მასიური და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის, რაც ჩვენ დავდეთ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, აქამდე არ ყოფილა

17-07-2023

„ასეთი მასიური და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის, რაც ჩვენ დავდეთ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, აქამდე არ ყოფილა“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.


მინისტრმა საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის ამაღლებისა და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და გეგმებზე ისაუბრა.


„ჩვენ შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ არ ყოფილა არცერთი წელი, ბოლო დეკადების განმავლობაში, როდესაც დაიდო ასეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები შეიარაღების შეძენის მიმართულებით. იცით, რომ „რაფაელის“ საზენიტო სისტემებს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ 2021 წელს და მიმდინარე წელს მივიღებთ. ასევე, შევიძინეთ ახალი სისტემები, რომლითაც ჩვენ დავფარავთ ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს და ყველა დიდ ქალაქს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს არსებული სისტემების განახლების შესახებაც.


თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე თვეში შვედეთში განხორციელებული ვიზიტის შედეგებზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებში უწყების ხელმძღვანელმა ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მწარმოებელ ცნობილ მაღალტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელთან, SAAB-ის პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა.


„ჩვენ ასევე შევიძინეთ ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები და დავდეთ ხელშეკრულებები. მე გახლდით შვედეთში, სადაც გავეცანი კომპანია SAAB-ს, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელი ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების. ჩვენ მათთანაც გვაქვს ხელშეკრულება დადებული და წელს რაც ხელშეკრულებები დაიდო, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მიიღებს თავდაცვის სამინისტრო“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე ხელშეკრულებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას გააჟღერებს.


თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა.


„პრემიერის მინისტრობის დროს, დავაფუძნეთ ერთობლივი საწარმო პოლონურ კომპანიასთან ერთად, რომელიც არის ძალიან წარმატებული კამიკაძე დრონების მწარმოებელი კომპანია. სრულად მოვაწყვეთ ინფრასტრუქტურა, დავახვედრეთ ახალი შენობა და ყველანაირად მზაობა გვაქვს, რომ დავიწყოთ მასშტაბური წარმოება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


მისი თქმით, სატესტო ეტაპი დასრულებულია და უახლოეს პერიოდში მასიური წარმოება დაიწყება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930