24-07-2023
„ხალხმა გაიგო სიმართლე. სწორედ ეს იყო მიზანი, როდესაც ჩვენ შევქმენით „ხალხის ძალა“ და დღეს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს ქართულ საზოგადოებას, ვიდრე ჰქონდა ვთქვათ, ერთი წლის წინ, როდესაც „ხალხის ძალა“ იწყება მოქმედებას და ჩვენი პირველი წერილები როდესაც გამოვაქვეყნეთ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, არ სჯერა, რომ უცხოეთიდან მართული კამპანია დასრულდება და ამ კამპანიამ გარკვეული უარყოფითი შედეგები მაინც მოუტანა საქართველოს, თუმცა ჰქონდა დადებითიც - ბევრ ადამიანს, როგორც დასავლეთში, ასევე, საქართველოში ჩამოეხსნა ნიღაბი.
„ჯერ ერთი, მე არ მჯერა, რომ ეს კამპანია დასრულდება იმიტომ, რომ ძალიან მალე გამოჩნდება - კამპანია გაგრძელდება. არ იქნება „აკერმანი“, იქნება სხვა კომპანიები, რომლებიც ამ ყველაფერს გააგრძელებენ. იმედი მაქვს, რომ ის კანონი, რომელიც ჩვენთან დაიბლოკა, მაინც გამოაჩენს ამ ყველაფერს, თუ ეს ამერიკის ტერიტორიაზე მოხდა. თუ ეს იქნება ევროპის ტერიტორია, ვერ გავიგებთ, რადგან სამწუხაროდ, ევროპას ჯერ მსგავსი კანონი მიღებული არ აქვს. რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგი გამოიღო ამ კამპანიამ, ამას შეგვიძლია ორი მხრიდან შევხედოთ.
მათ ვერ მიიღეს ის შედეგი, რაც უნდოდათ - ვერ მოახდინეს საქართველოში რევოლუცია, ვერ გამოიყვანეს სააკაშვილი პატიმრობიდან, თუმცა ქვეყნისთვის უარყოფითი შედეგი მაინც გამოიღო - მათ შეძლეს საქართველოს იმიჯის დაზიანება არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ - მთელ მსოფლიოში. დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ სააკაშვილი შეიძლება იყოს უკანონო პატიმარი, შესაძლოა ბევრს ეგონოს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში უწყობს ხელს და ა.შ. ძალიან ბევრკომპონენტიანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანების ეს კამპანია და ბუნებრივია, რომ ამან ნაწილობრივ შედეგი გამოიღო, თუმცა მთავარ შედეგს ვერ მიაღწიეს. მათი მთავარი შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ ქართველ ხალხს დაეჯერებინა ამ სიცრუის კამპანიის, რაც არ მოხდა, რადგან ხალხმა გაიგო სიმართლე. სწორედ ეს იყო მიზანი, როდესაც ჩვენ შევქმენით „ხალხის ძალა“ და დღეს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს ქართულ საზოგადოებას, ვიდრე ჰქონდა ვთქვათ, ერთი წლის წინ, როდესაც „ხალხის ძალა“ იწყება მოქმედებას და ჩვენი პირველი წერილები როდესაც გამოვაქვეყნეთ.
ასე რომ, ამ გაგებით, რა თქმა უნდა, მათ ვერ მიაღწიეს შედეგს, თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს მცდელობები გაგრძელდება. ერთი დადებითი, რაც შესაძლოა, ამ კამპანიას ჰქონდა, არის ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აეხადა ფარდა, როგორც საქართველოში, ისე - დასავლეთში.
მაგალითად, ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოს მეგობრების სახელებით გამოდიოდნენ და თითოეული მათი განცხადება, თუ მოქმედება იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული, გამოჩნდა, რომ ისინი ზოგ შემთხვევაში აკეთებდნენ ფულის გამოც, გარდა იმისა, რომ ისინი გლობალური ომის პარტიის ხელში პატარა პაიკები არიან და მისგან გარკვეულ დავალებებს იღებენ, თუმცა ამას ფულის გამოც აკეთებენ. ეს გამოჩნდა საქართველოშიც, სადაც არაერთ ადამიანს, მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტსაც ჩამოეხსნა ფარდა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
16-11-2024
16-11-2024