24-07-2023
საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ზაგრებში, ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უსაფრთხოების სფეროში მოკავშირის რანგში, საქართველო იმ ქვეყნების რიგებში იყო, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდათ ევროკავშირის უსაფრთხოებაში.
„საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ და სანდო პარტნიორად. არსებულმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა დაგვანახა ევროპასა და მთელ მსოფლიოში დივერსიფიცირებული კავშირების, ენერგეტიკული და სურსათის უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის დიდი აუცილებლობა. საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამ გამოწვევების მოგვარების საქმეში, რადგან რეგიონალური ენერგო ტრანზიტის, საქონლის ტრანსპორტირებისა და ციფრული კავშირების პოტენციალი გააჩნია. შუა დერეფანი და ისეთი სამომავლო პროექტები, როგორიცაა შავ ზღვაზე პირდაპირი საბორნე მიმოსვლა, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენები სტრატეგიულ გადაწყვეტას სთავაზობს ევროპას.
საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში. უსაფრთხოების სფეროში მოკავშირის რანგში, საქართველო სულადობრივად იმ ქვეყნების რიგებში იყო, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდათ ევროკავშირის უსაფრთხოებაში, როდესაც ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში იღებდა მონაწილეობას. მათ შორისაა ნატოს მისიები ერაყსა და ავღანეთში.
ჩვენ ერთგულნი ვართ ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმიც. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ნატოს ასპირანტი ქვეყნის რანგში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მრავალჯერ დაამტკიცა რომ ძალუძს კოლექტიური თავდაცვის ტვირთი გაიზიაროს.
საქართველო ურყევად აგრძელებს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ პროცესში დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებას. საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ გვქონდა ბრუტალური ომი 2008 წელს, რომელიც იყო გამანადგურებელი ჩვენთვის. ჩვენ მადლობელი ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ხორვატიის, ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერისთვის.
ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება, საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაცია და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას შორის შერიგება და ჩართულობა უნდა დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში, რათა დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა საქართველოში.
დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ მოვახსენებ მადლობას ჩემს კოლეგას თბილი მიღებისა და ჩვენი თანამშრომლობაში შემავალი თემატიკის ფართო სპექტრზე სიღრმისეული განხილვისთვის.
მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად", - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024