24-07-2023
მტკიცედ გიჭერთ მხარს ევროპული და ტრანსატლანტიკური ამბიციებისა და მისწრაფებების მიმართულებით, ჩვენ მხარი დავუჭირეთ თქვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებას,- ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა ზაგრებში, საქართველოს საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ანდრეი პლენკოვიჩმა აღნიშნა, ხორვატია მხარს უჭერს და პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; ისევე როგორც საქართველოს ძალისხმევას, იპოვოს გამოსავალი, რომელიც გაამთლიანებს საქართველოს.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი! გულთბილად მოგესალმებით ხორვატიაში. მადლობას ვუხდი ელჩ გოგსაძეს ზაგრებში საქართველოს ახლადგახსნილ საელჩოში მიღებისთვის. მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილსა და მის მასპინძელ კოლეგას. აქვე მივესალმები ყველა ჩვენ ქართველ მეგობარსა და დამსწრე საზოგადოებას - ხორვატიის ოფიციალურ პირებს. დიდი მადლობა პოლიფონიური სიმღერების შემსრულებლებს. ყველა ხორვატზე მოახდენდა შთაბეჭდილებას მათი ნამღერი, რადგან ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეთ, მაგრამ რომ არ მცოდნოდა ქართველები რომ ხართ, აუცილებლად ვიკითხავდი ხორვატიის რომელი რეგიონიდან არიან-მეთქი. ჩვენზე ყოველივე ამან ემოციურად ძალიან იმოქმედა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გმასპინძლობთ და მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ღონისძიებისთვის ამ ანსამბლის ჩამოყვანისთვის. დღეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, რადგან ჩვენთან პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ხვალ ზუსტად 8 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ბატონი ირაკლი გავიცანი. მე მაშინ ევროპარლამენტარი ვიყავი, ხოლო თქვენ პრემიერ-მინისტრობის პირველი მანდატით მართავდით ქვეყანას. მახსოვს, თბილისს ვეწვიე და თქვენი ლამაზი ქვეყანა მოვიარე. მაშინ კარგად გავაცნობიერე, რა სირთულეების წინაშე იმყოფებოდა ქვეყანა, გავიაზრე თქვენი ისტორია და ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი.
თქვენ წნეხს გაუძელით და, რა თქმა უნდა, ამიტომ ვუჭერთ მხარს და პატივს ვცემთ თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; ისევე როგორც თქვენს ძალისხმევას, რათა იპოვოთ გამოსავალი, რომელიც გაამთლიანებს საქართველოს ტერიტორიას და თქვენი მთავრობის იურისდიქციასა და საკონსტიტუციო კონტროლს დაუქვემდებარებს ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამას გისურვებთ, რადგან ხორვატია მსგავს სიტუაციაში იყო სამწუხაროდ 90-იან წლებში და 7 წელი დაგვჭირდა იურიდიული და საკონსტიტუციო წესრიგის დასამყარებლად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამიტომაც არის, რომ კარგად გვესმის თქვენი და ემპატიურობის ხარისხიც დიდი გვაქვს თქვენი ქმედებების მიმართ.
ამავდროულად, მტკიცედ გიჭერთ მხარს ევროპული და ტრანსატლანტიკური ამბიციებისა და მისწრაფებების მიმართულებით. ჩვენ მხარი დავუჭირეთ თქვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს და საქართველოს ვროპული პერსპექტივის აღიარებას.კენჭისყრა ევროპულ საბჭოში ერთი წლის წინ ჩატარდა. მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების შესრულებას და ევროკავშირის დონეზე გადაწყვეტილებების მიღებას თქვენი ამბიციების სასიკეთოდ. შემდეგი ინსტიტუციური ნაბიჯი იქნება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება.
ასევე მივესალმებით თქვენს გარდაქმნებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. მივესალმებით აგრეთვე ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობას, როდესაც საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება.
ორმხრივ ურთიერთობებს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყნებს მრავალი მსგავსება აქვს. დღეს შევთანხმდით, რომ ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გავაუმჯობესოთ, კულტურული თანამშრომლობისკენ ვისწრაფვოდეთ და სამომავლო ენერგეტიკული კავშირების კონტექსტში ვნახოთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი თქვენი და ჩვენი გეო-სტრატეგიული ადგილმდებარეობის საფუძველზე. იგივე ეხება თანამშრომლობას მთელი ევროპის მასშტაბით, რადგან ეტაპობრივად ხდება წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება განახლებადი ენერგომატარებლებით, რომლებსაც დიდი ინვესტიციები ხმარდება.
ყოველივე ამის ფონზე, მოუთმენლად ველი თქვენი ელჩის გააქტიურებას აქ, ზაგრებში. ის იქნება „ძრავა", რომელიც მეტ იდეასა და ინიციატივას განახორციელებს საქართველოსა და ხორვატიას შორის თანამშრომლობის გასაზრდელად. პირადად ჩემი, ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და მთელი მთავრობის სახელით, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ თქვენს ელჩს და თქვენს გუნდს. მადლობას მოგახსენებთ თბილისში მოწვევისთვის. თარიღს შევარჩევთ საპასუხო ვიზიტისთვის და გეწვევით საქართველოსა და ხორვატიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილის აღსანიშნავად. დიდი მადლობა ძვირფასო ირაკლი, მადლობას ვუხდი ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ელჩს", - განაცხადა ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.
16-11-2024
16-11-2024