28-07-2023
„საკუთარ დაგებულ ნაღმზე აფეთქდნენ - მივიდეს აშშ-ის საელჩო საქართველოში და ამერიკის FARA-ს კანონს უმტკიცოს, რაც უნდა.“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ამერიკის საელჩოს რაიმე არ მოსწონს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშიდან, დეპარტამენტს და ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ უჩივლოს.
„ყოველთვის ვჩქარობთ, რადგან გვინდა რომ სამართლიანობა სწრაფად აღდგეს, მაგრამ ეს სამართლიანობა ურმით მოდის და თითოეულ დაგებულ ხაფანგში გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები თავად გაებმებიან, თითოეულ დაგებულ ნაღმზე თავად აფეთქდებიან. ახლაც, საკუთარ დაგებულ ნაღმზე აფეთქდნენ - მივიდეს აშშ-ის საელჩო საქართველოში და ამერიკის FARA-ს კანონს უმტკიცოს, რაც უნდა.
თუ რამე არ აწყობთ იმ ანგარიშში, თავის „სანიმუშო“ ამერიკულ სასამართლო სისტემაში ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდს, ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ და ა.შ. უჩივლონ, რადგან, მათი თქმით, დეზინფორმაცია და ცრუ ინფორმაცია ყოფილა გამოქვეყნებული იმ ანგარიშში. უბრალოდ, არ უნდა შევშინდეთ.
ეს კურსი „ხალხის ძალამ“ შარშან ავიღეთ და კარგად ვუმკლავდებით. სიმართლის ენაზე უნდა ვილაპარაკოთ. როდესაც შენს უკან არის ჭეშმარიტება, ან ჭეშმარიტებასთან მიახლოებული სიმართლე, არაფრის არ უნდა გეშინოდეს. საინტერესო და მკაფიო მაგალითია: ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყანამ, 6-მილიონიანი მოსახლეობით, ნიკარაგუამ, ერთ-ერთი ამერიკელს, რომელიც მათთან ელჩად ინიშნებოდა, ამის უფლება არ მისცა - სახლში გაუშვა, ჩვენთვის ნონ-გრატა პერსონას წარმოადგენო. იმიტომ, რომ ეს უგო როდრიგესი, რომელიც უნდა დანიშნულიყო ნიკარაგუაში ელჩად, უსირცხვილოდ, პირდაპირ ამბობდა საკომიტეტო მოსმენებზე, ყველაფერს გავაკეთებ ნიკარაგუაში ხელისუფლება რომ შევცვალო და ამ პროცესში ჩემი ძირითადი პარტნიორები იქნებიან USAID და Freedom House-იო.
ნიკარაგუაში ზოგს ინგლისური ესმის და რომ გაიგეს, ამ სულისკვეთებით მოდის ეს პიროვნებაო და, რა თქმა უნდა, აღარ შეუშვეს. ეს უსირცხვილობა აქვთ საქართველოსთან მიმართებითაც. ჩვენ ეს და მსგავსი მაგალითები უნდა გამოვიყენოთ. მთავარია, არ შევცდეთ, არ ავყვეთ მათ ცრუ, ფეიქ-ნარატივებს და ყველაფერს მოზომილად, სიმართლეზე დაყრდნობით ვლაპარაკობდეთ, რომ მათ არ ჰქონდეთ საშუალება, რამე შემოგვიბრუნონ ან ნახევრად სიმართლეში გამოგვიჭირონ. ეს ჩვენ არ გვჭირდება. ყველაფერს, რასაც აქამდე ვაკეთებდით, იყო მაქსიმალური გამჭვირვალობა ჩვენი მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გზებს მაქსიმალურად გვიკეტავენ. ჩვენ ჩვენ გზას გავუყვებით და ისინი აფეთქდებიან თუ გაქრებიან, თუ გამოსწორდებიან (ღმერთმა ქნას), ამას დრო დაგვანახებს“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
16-11-2024
16-11-2024