31-07-2023
"როინ შავაძემ ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ დაჭრილი ჯარისკაცები გადაერჩინა და გამოეყვანა ბრძოლის ველიდან და ღალატის დაბრალება მისთვის არის სამარცხვინო საქციელი", - ამის შესახებ მედიასთან "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ოღონდ თავიანთი დანაშაულები გაამართლონ, ყველაფერზე არიან წამსვლელები.
„როინ შავაძის საზარელი მკვლელობის მეორე დღიდან, მის მეუღლეზე ციცინო შავაძეზე დაიწყო მუქარა, თუ არ გაჩუმდები, სახალხო დამცველთან მიხვალ, გამოძიებას მოითხოვ, მაშინ გავავრცელებთ ხმას და დავაბრალებთ, რომ შენი ქმარი იყო მოღალატე და შენს შვილებს მოუწევთ მოღალატე მამის სახელის და იარლიყის ტარება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ბუნებრივია, ციცინო შავაძე არ გაჩერდა, თუმცა ისეთი მუქარები იყო, რომ ჩვენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები და მისი ადვოკატი იძულებულები ვიყავით, მორიგეობა დაგვეწესებინა მის სახლში და თვეების განმავლობაში ხან მისი ადვოკატი რჩებოდა, ხან სახალხო დამცვლის წარმომადგენლები რჩებოდნენ, რომ დაგვეცვა ეს ოჯახი ზეწოლისგან და მუქარებისგან, რომლებიც მათ მიმართ იყო. ეს იყო უმძიმესი დანაშაული სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ კიდევ დიდი უბედურებაა, როდესაც დღეს მოქმედი თუ ყოფილი „ნაცები“ ცდილობენ მათი დანაშაულების გამართლებას. ამის მკაფიო დადასტურება იყო, ის განცხადება, რომელიც დავით დარჩიაშვილმა გამოაქვეყნა და რომელსაც ძალიან ბევრი მოწონება ჰქონდა „ნაცების“ მხრიდან, თითქოს როინ შავაძე მოღალატე იყო და მოღალატეს სწორედ ასე უნდა მოექცეს ადამიანი.
სამწუხაროა, რომ 15 წლის შემდეგაც ამ იარლიყის გაცოცხლებას ცდილობენ. ჯერ ერთი, როინ შავაძე რომ მოღალატე იყო არ დასტურდება არანაირად, პირიქით მას ჰქონდა მიღებული ორდენები სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის. არსებობს ცნობები - მან ძალიან ბევრი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ დაჭრილი ჯარისკაცები გადაერჩინა და გამოეყვანა ბრძოლის ველიდან და ღალატის დაბრალება მისთვის არის სამარცხვინო საქციელი. მეორე, სწორედ ამ განცხადებიდან და მისი მოწონებებიდან ჩანს „ნაცმოძრაობის “ სახე. მათთვის ადამიანების უფლებები, წამების აკრძალვა, სიცოცხლის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება - ეს არაფერს არ ნიშნავს. ისინი რჩებიან, ისევ იქ სადაც იყვნენ, რომ ადამიანები აწამონ, ციხეები უნდათ გაავსონ, გაუპატიურონ და აწამონ, უკანონოდ უნდა დახვრიტონ ქუჩაში ის ადამიანები, ვინც არ მოსწონთ და ასეთი ტიპის "მართლმსაჯულება" აღასრულონ. ამით უნდათ, ისევ ხელისუფლებაში მოსვლა. არ იცვლებიან ეს ადამიანები, ეს კიდევ ერთხელ უნდა გავახსენოთ ჩვენს საზოგადოებას. ძალიან ცუდია, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები ამას არ და ვერ ხედავენ იმიტომ, რომ არ უნდათ ამის დანახვა. თუმცა ხალხმა ყველაფერს მისცა შეფასება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ როინ შავაძესთან დაკავშირებით, მართალია ძალიან გვიან, მაგრამ მართლმსაჯულება აღსრულდა. ბოლომდე ვერა იმიტომ, რომ დამკვეთები არ არიან დასჯილები.
ვინ არიან დამკვეთები? - ბუნებრივია, მსგავსი საქმეები მთელი ვერტიკალის გარეშე ვერ ხდებოდა - მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ახალაია, ადეიშვილი - მათ გარეშე, ასეთი საქმეები არ წყდებოდა, სწორედ ესენი არიან დამკვეთები და ადრე თუ გვიან მივა საქმე ამ დამკვეთებამდეც. „ნაცმოძრაობა“ - ეს იყო რეჟიმი, რომელშიც ცხოვრობდა საქართველო მთელი 9 წლის განმავლობაში, რომელიც არ უნდა დაბრუნდეს და არც დაბრუნდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
16-11-2024
16-11-2024