გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად ავალიანი: საინტერესოა, რა ბრალდებას წაუყენებდა ამერიკული პროკურატურა და რამდენ წელს მიუსჯიდა ამერიკული სასამართლო „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს, ISFED-ის მენეჯმენტს, მათ დონორებს და მხარდამჭერებს, ამერიკელი ხალხი რომ მოეტყუებინათ

2-08-2023

ტრამპისგან განსხვავებით, რომელსაც არასდროს უთქვამს უარი საკუთარ შეფასებებზე, 2020 წელს საქართველოში გვქონდა შემთხვევა, როცა ამერიკიდან დაფინანსებულმა ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლის ყალბი შედეგები წარუდგინა, რაც მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ საჯარო მხილების შემდეგ, თავადვე აღიარა და ამას „ადამიანური შეცდომა“ უწოდა - ამის შესახებ POSTV-ის ანალიტიკოსი ზვიად ავალიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

ავალიანი სვამს კითხვას - თუ ტრამპი და მისი უახლოესი პოლიტიკური მოკავშირეები დამნაშავეები არიან, საინტერესოა, რა ბრალდებას წაუყენებდა ამერიკული პროკურატურა და რამდენ წელს მიუსჯიდა ამერიკული სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, ISFED-ის მენეჯმენტს, მათ დონორებს და მხარდამჭერებს, „შეცდომა“ რომ ამერიკაში დაეშვათ და ამერიკელი ხალხი მოეტყუებინათ?

 

მისივე თქმით, თუ გვინდა ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ გარედან მართული გადატრიალებებისა და რევოლუციების ჩაკეტილი წრიდან, საკუთარი ადგილი უნდა მივუჩინოთ და მკაფიო შეფასება მივცეთ იმ პარტიებს, ორგანიზაციებსა თუ საერთაშორისო აქტორებს, რომლებიც მიზანმიმართულად აღვივებენ უნდობლობას არჩევნების მიმართ და კვლევების გაყალბებასაც კი არ ერიდებიან იმ მიზნით, რომ როგორმე ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ და მორიგი „ფერადი რევოლუცია“ მოაწყონ.

 

„ეს მნიშვნელოვანია!

 

ამერიკაში დონალდ ტრამპს მორიგი ბრალი წაუყენეს. მას ედავებიან არჩევნების შედეგების არაღიარებას (დაიმახსოვრეთ, ეს დანაშაული ყოფილა!) და გაყალბების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, რასაც საბოლოო ჯამში ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრა მოყვა. არ ვიცი როგორ დასრულდება ეს პროცესი, მაგრამ თავისთავად ეს არის ძალიან საინტერესო მაგალითი, რადგან თუ თვალს გადავავლებთ აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების უახლეს ისტორიას, ყველა რევოლუცია და გადატრიალება აქ სწორედ არჩევნების შედეგების არაღიარებით იწყებოდა მიუხედავად იმისა, ქონდა თუ არა გაყალბებას რეალურად ადგილი.

 

სხვათა შორის, ტრამპისგან განსხვავებით, რომელსაც არასდროს უთქვამს უარი საკუთარ შეფასებებზე, 2020 წელს საქართველოში გვქონდა შემთხვევა, როცა ამერიკიდან დაფინანსებულმა ორგანიზაციამ („სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ - იგივე ISFED) საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლის ყალბი შედეგები წარუდგინა, რაც მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ საჯარო მხილების შემდეგ, თავადვე აღიარა და ამას „ადამიანური შეცდომა“ უწოდა, თუმცა ამ აღიარებას არც ხელისუფლებაზე ზეწოლა გაუუქმებია (ალბათ გახსოვთ ე. წ. შარლ მიშელის შეთანხმება და ა. შ. ) და არც რადიკალურ ოპოზიციას უთქვამს უარი ბოიკოტებსა თუ ქუჩის აქციებზე, რაც საბოლოო ჯამში ჩვენთანაც მორიგი გადატრიალების მცდელობით დასრულდა. ეს ალბათ არც უნდა გაგვიკვირდეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ISFED-ს ბოდიშიც კი არ მოუხდია საზოგადოებისთვის იმ „ადამიანური შეცდომის“ გამო, რომელმაც სავარაუდოდ ძალიან ბევრი ადამიანი შეიყვანა შეცდომაში.


ამის ნაცვლად მათ მთელი პასუხისმგებლობა ფორმალურად აღმასრულებელ დირექტორს დააკისრეს და „შეცდომის“ ოფიციალური აღიარების შემდეგ მან თანამდებობა დატოვა. მეტიც - ამ სკანდალისა და აღიარების მიუხედავად, როგორც „სამართლიანი არჩევნების“ დონორი (USAID) ისე უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განაგრძობდნენ და დღემდე განაგრძობენ ამ ორგანიზაციის ღია მხარდაჭერას მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ამერიკაში თურმე მძიმე დანაშაულად ითვლება, რაც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გულწრფელად ვიტყვი რომ არ მომწონს ის, რაც დღეს ამერიკაში ხდება და ნამდვილად არ გამიხარდება, თუ დონალდ ტრამპს დაიჭერენ და მას არ მიეცემა საშუალება მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ მთავარი კითხვა რაც ახლა თავში მიტრიალებს სულ სხვა პიროვნებებს ეხება. კერძოდ, თუ ტრამპი და მისი უახლოესი პოლიტიკური მოკავშირეები დამნაშავეები არიან, მაშინ საინტერესოა რა ბრალდებას წაუყენებდა ამერიკული პროკურატურა და რამდენ წელს მიუსჯიდა ამერიკული სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, ISFED-ის მენეჯმენტს, მათ დონორებს და მხარდამჭერებს ზემოხსენებული „შეცდომა“ მათ რომ ამერიკაში დაეშვათ და ამერიკელი ხალხი მოეტყუებინათ? არა... მე ნამდვილად არ ვითხოვ 20 წლიან პატიმრობას ყველასთვის, ვინც არჩევნების შედეგებში ეჭვს შეიტანს, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ გარედან მართული გადატრიალებებისა და რევოლუციების ჩაკეტილი წრიდან, საკუთარი ადგილი უნდა მივუჩინოთ და მკაფიო შეფასება უნდა მივცეთ იმ პარტიებს, ორგანიზაციებსა თუ საერთაშორისო აქტორებს, რომლებიც მიზანმიმართულად აღვივებენ უნდობლობას არჩევნების მიმართ და კვლევების გაყალბებასაც კი არ ერიდებიან იმ მიზნით, რომ როგორმე ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ და მორიგი „ფერადი რევოლუცია“ მოაწყონ“ - წერს ზვიად ავალიანი Facebook-ზე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930