გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: მივმართავ "მწვანე ალტერნატივას", რომელმაც გარემოს დაცვის სააგენტოს 2021 წლის კვლევა გაავრცელა, თითქოს შეეხებოდა მდინარე ბუბას და ამ ტერიტორიას - საუბარია აბსოლუტურად სხვა მდინარეზე

5-08-2023

გრძელდება სამაშველო ღონისძიება, უკვე ტექნიკა გადასულია მეორე ნაპირზე, გზის გაკვალვა ნელ-ნელა ნაწილობრივ ხდება, იმისთვის რომ ტექნიკამ მეორე ნაპირზე შეძლოს სრულად მუშაობა. თავდაცვის სამინისტროს ძალებიც ადგილზე არიან და ხედავთ, თუ რამ მდგომარეობაა კურორტ შოვში - ფაქტობრივად, აღარ არის ის ტერიტორია ისეთი, რომელიც ჩვენ გვახსოვს და კიდევ ერთხელ, ეს განსაკუთრებულ მწუხარებას იწვევს ჩვენში,  - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შოვში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია სოლიდარობა და კონსოლიდაცია და არა გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებით საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა. შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა სოციალური ქსელით და მედიით გავრცელებულ რამდენიმე ფაქტზე, რომლებმაც  საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.


კერძოდ, მისი თქმით, ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ გავრცელებული 2021 წლის კვლევა, ეხებოდა არა მდინარე ბუბას, არამედ  მდინარე ღვიორას, რომელსაც  შოვში მომხდარ სტიქიასთან საერთო არ აქვს. გარდა ამისა, მდინარე ბუბას კალაპოტი გასული საუკუნის 60-იან წლებში შეიცვალა და ამ თემით აპელირებაც საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს.


პაპუაშვილის განცხადებით, ტყუილია ისიც, თითქოს, წყალი ორი დღის განმავლობაში გუბდებოდა. როგორც მან განმარტა, წინასწარი მონაცემებით, მასის მოწყვეტიდან საბოლოო პუნქტამდე ჩამოსვლას რამდენიმე წუთი დასჭირდა. 


"მინდა, ყველას მივმართო, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ. რამდენიმე საკითხი მინდა დავასახელო, რომელიც სამწუხაროდ გუშინ გავრცელდა და იწვევს ხოლმე ისტერიას რაღაც საკითხები. მაგალითად, გუშინ ვნახეთ, რომ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, გარემოს დაცვის სააგენტოს 2021 წლის კვლევა გაავრცელა, თითქოს ეს შეეხებოდა მდინარე ბუბას და ამ ტერიტორიას, რომ იყო ღვარცოფის საშიშროება. არის აბსოლუტურად სხვა მდინარეზე საუბარი, ღვიორაზე, რომელიც სულ სხვა ქედია  და სხვა ხევი არის და ვნახეთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში ამას პანიკურად აზიარებდნენ, მათ შორის მედიის საშუალებითაც.


მე მივმართავ "მწვანე ალტერნატივას", რომელიც იყო ამის ინიციატორი, მანაც იქნებ დაწეროს ამის შესახებ, რომ მცდარი იყო ინფორმაცია და არანაირი კავშირი ღვიორას ამ სტიქიასთან არ აქვს. მეორე: იყო საუბარი, თითქოს კალაპოტი იყო შეცვლილი "სანსეტ შოვის" მიერ, ესეც ტყუილია. კალაპოტი არის ნამდვილად შეცვლილი, თუმცა 60-იან წლებში და არანაირი კავშირი მას ჩვენს თანამედროვეობასთან არ აქვს. მესამე: ასევე მედიაში გავრცელდა, თითქოს ორი დღის განმავლობაში გუბდებოდა წყალი და მდინარე ბუბაში ორი დღე წყალი არ იყო ან დაწეული იყო - ესეც არის ტყუილი. ჩვენ დღეს სავარაუდოდ გვექნება გეოლოგიური დასკვნა პროცესებთან დაკავშირებით. წინასწარი მონაცემებით,  მოწყვეტიდან საბოლოო პუნქტამდე ამ ღვარცოფული ქვა-ღორღის ჩამოსვლას, სულ რამდენიმე, დაახლოებით 5-6 წუთი დასჭირდა და დაგროვებაც იყო ძალიან მცირე პერიოდში, ამაზე კიდევ გვექნება საბოლოო დასკვნა.


ამიტომ, მინდა ყველას მივმართო: ახლა არ არის დრო, დაბნეულობა შევიტანოთ საზოგადოებაში, მომხდარი ტრაგედიით ყველა ისედაც დათრგუნულია, ახლა არის სოლიდარობის, კონსოლიდირების დრო და ყველას ვთხოვ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930