10-08-2023
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, სოფლის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით მეფუტკრეებისთვის ტრენინგები გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, 900-ზე მეტი მეფუტკრე გადამზადდა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, მეფუტკრეთა შესაძლებლობების გაძლიერების და დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის გადამზადება 4 ფაზას მოიცავს, რომლის ფარგლებშიც ფერმერები ეცნობიან როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე მეთოდებს.
„ტრენინგების მესამე ფაზის ფარგლებში მეფუტკრეებმა ინფორმაცია მიიღეს შემდეგ საკითხებზე: საბოლებლის უსაფრთხო გამოყენება; ვაროაზე ტესტის ჩვენება, მიღებული შედეგების ანალიზი და მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიების/მეთოდის არჩევა; ფუტკრის ოჯახებად დაყოფა; მთა-ბარობა; დაავადებების იდენტიფიკაცია; ჰოლსტის მეთოდის გამოყენება; ფაროსანას წინააღმდეგ ფერომონების გამოყენება; თაფლის დაწურვის და შენახვის პირობები; საფუტკრის რეგისტრაცია და სარეგისტრაციო ფურცელის შევსება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ტრენინგებში მონაწილეობდნენ მეფუტკრეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სწავლებას უძღვებიან მეფუტკრეობის დარგის სპეციალისტები.
მეფუტკრე ფერმერების ტრენინგის პირველი ფაზის ფარგლებში 1000-მდე მეფუტკრე, ხოლო ტრენინგის მეორე ფაზის ფარგლებში, 1105 მეფუტკრე გადამზადდა. თეორიულ სწავლებასთან ერთად, ფერმერებს პრაქტიკული სწავლებებიც ჩაუტარდათ მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების და შესაბამისი გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ.
16-11-2024
16-11-2024