11-08-2023
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
აღნიშნულ ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმიანება მოქალაქე მზია გოგალაძე, რომლის შვილიშვილი და რძალი 2011 წლის 18 ივნისს, რიკოთზე მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად დაიღუპა. 2011 წლის სტიქიამ, ჯამში, 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოვარდნილმა ღვარცოფმა კვების ობიექტი „რიკოთი“ წალეკა. გარდაცვლილებიდან 5 სწორედ ამ ობიექტის თანამშრომელი იყო.
როგორც მზია გოგალაძე სოციალურ ქსელში წერს, მას კითხვები აქვს ენმ-ის წევრ თინა ბოკუჩავასთან, რომლის პარტიაც საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე საუბრობს.
„თავს ვიკავებდი ამ უდიდესი ტრაგედიის დროს რამის თქმისგან, მაგრამ…
თინა ბოკუჩავას ვეკითხები: 2011 წლის 18 ივნისს რიკოთზე მოვარდნილმა ღვარცოფმა 6 ადამიანი რომ შეიწირა, მათ შორის ჩემი რძალი, სიცოცხლით სავსე ადამიანი და მცირეწლოვანი ბავშვი. ბავშვებით სავსე ავტობუსი რომ გაიტაცა და ჩამარხა ღვარცოფმა, იქ მყოფმა ადამიანებმა სიცოცხლის რისკის ფასად რომ გადაარჩინეს ეს ბავშვები, მაშინ რატომ არ შექმენით კომისია, რატომ? დაადგინეთ, რა მოხდა მაშინ?
„რიკოთის უღელტეხილის მახლობლად მოვარდნილმა ღვარცოფმა 6 ადამიანი იმსხვერპლა და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ორკილომეტრიან გვირაბთან მდებარე მთავარი გზა დააზიანა“.
„შაბათს საღამოს რიკოთის უღელტეხილზე მოვარდნილმა ღვარცოფმა და მეწყერმა 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მაშველები დაკარგულებს კვირას, მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. დადგენილია, რომ დაღუპულები რესტორან „რიკოთის“ თანამშრომლები იყვნენ. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გადაუღებელი წვიმისა და სეტყვის შემდეგ მთიდან მეწყერი და ნიაღვარი მოულოდნელად წამოვიდა“.
ესაა ამონარიდები მაშინდელი პრესიდან.
ჰოდა, ახლა ვეკითხები მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ახლა რომ გაჰყვირიან:
1. რატომ ვერ მოახდინეთ პრევენცია, მით უმეტეს, იქ მყინვარი არ არის.
2. რატომ არ გქონდათ გამაფრთხილებელი აპარატურა, რატომ? რა მორალური უფლება გაქვთ თქვენ, დღეს რამე მოითხოვოთ? ანუ რა გამოდის? თქვენი მმართველობის პერიოდში ღვარცოფის გატანებული სიცოცხლე სტიქიის ბრალია და ახლაა ხელისუფლების? ხომ იყო აყვავებული ქვეყანა, რატომ არ დააყენეთ სასიგნალო მოწყობილობები.
3. რატომ არ შექმენით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.
უბრალოდ, 2011 წელს, მასშტაბი იყო მცირე და მსხვერპლი ნაკლები და უფალმა მიწაში ჩამარხულ ბავშვებით სავსე ავტობუსს იქ მყოფი ადამიანები გამოუგზავნა მხსნელად, თორემ მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა.
ამ პოსტით არ ვგულისხმობ იმას, რომ შოვის ეს უდიდესი ტრაგედია გამოუძიებელი დარჩეს და კითხვები არ დაისვას. გამოძიებულიც უნდა იყოს და კითხვებზეც პასუხი უნდა გაეცეს. უბრალოდ, მათ, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირიან დღეს, 2011 წელს ვერაფერი გააკეთეს, რომ ჩემი რძალი არ დაღუპულიყო, არ დაღუპულიყო პატარა ბავშვი, არ დაღუპულიყო 6 ადამიანი და სკოლის მოსწავლეებს არ გამოევლოთ ის საშინელება, მიწაში ჩამარხვა რომ ჰქვია ცოცხლად. მორალური უფლება არ გაქვთ, არა!“ – წერს მზია გოგალაძე ფეისბუკზე.
16-11-2024
16-11-2024