გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია მევენახე ფერმერებს და ღვინის მწარმოებლებს შეხვდა

24-08-2023

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მევენახე ფერმერებთან შეხვედრაზე, რთველთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. შეხვედრას კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატები ირაკლი ქადაგიშვილი და გელა სამხარაული ესწრებოდნენ.


როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, სახელმწიფო აგრძელებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერას როგორც რთველის სუბსიდირების, ასევე მარკეტინგის, პოპულარიზაციის და ლოგისტიკის მიმართულებებით.


„სამწუხაროდ სეტყვამ საგრძნობლად დააზიანა ყურძენი. მადლობლები ვართ სახელმწიფოსი, რომ სუბსიდირებას ახორციელებს და ამ დასეტყვილ ყურძენზეც გვაძლევს შესაბამის თანხას, რითაც გავისტუმრებთ დანახარჯს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ დაზღვევა ყოველ წელს აუცილებელია”, - აღნიშნა მევენახე ფერმერმა რევაზ მეგრელიშვილმა.


„წინა წლებთან შედარებით, კლიმატური პირობების გამო, ყურძენი დაზიანებულია. აქედან გამომდინარე, კარგია რომ სუბსიდირება იქნება; გვეხმარება სახელმწიფო, რაც წაგვადგება მომავალში დავამუშაოთ, ხარისხიანი ყურძენი მოვიყვანოთ და მოვუაროთ. დაზიანებულ ყურძენში 90 თეთრი ნამდვილად მისაღებია”, - აღნიშნა ზურაბ ზურიაშვილმა.


ოთარ შამუგია „კორპორაცია ქინძმარაულის“ კომპლექსშიც იმყოფებოდა. კომპლექსი  ღვინის საწარმოს და ტურისტულ სივრცეს მოიცავს. საწარმო ქინძმარაულსა და ყვარლის მიკროზონებში 150 ჰექტარ ვენახს ფლობს, საიდანაც 100 ჰექტარი ქინძმარაულის ტრადიციულ მიკროზონაშია გაშენებული.


ყოველწლიურად, კომპანია  25 სახის ღვინოს და 10-მდე სახის ღვინის ბრენდს აწარმოებს, როგორც საკუთარი ვენახებიდან მოწეული ასევე ადგილობრივი გლეხებიდან შეძენილი ყურძნისგან. აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი მსოფლიოს 26 ქვეყანაში ხორციელდება და ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

მინისტრმა იმ მიზნობრივ სახელმწიფო მარკეტინგულ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, მოახდინონ საკუთარი პროდუქციის წარდგენა საერთაშორისო გამოფენებზე, მოიძიონ პოტენციური სავაჭრო პარტნიორები და გაზარდონ ექსპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.


როგორც კორპორაციის დამფუძნებელმა, თამაზ კონჭოშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზიანა მათი ვენახები, შესაბამისად, რთველი 2023-ის პროცესში აქტიურად აპირებს მევენახეებისგან ყურძნის შესყიდვას. „კორპორაცია ქინძმარაული“    შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია. კორპორაციამ, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ისარგებლა ღვინის საწარმოს გადაიარაღების, მანქანა-დანადგარების შეძენის, ვენახის გაშენებისა და ყურძნის შესყიდვის მიზნობრიობებით.


„მევენახეებისგან მივიღებთ ყურძენს 500 ტონის ფარგლებში. მადლობა სახელმწიფოს სუბსიდიით მხარდაჭერისთვის, ასევე ხელშეწყობისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის კუთხით", - აღნიშნა „კორპორაცია ქინძმარაულის" დამფუძნებელმა, თამაზ კონჭოშვილმა.


„უკვე წლებია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, რთველი ტექნიკური ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. იმ სუბსიდიით, რომელსაც სახელმწიფო გასცემს ღირსეულ შემოსავალს მიიღებენ კახელი მევენახე-ფერმერები. სახელმწიფოს მხარდაჭერით, არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი”, - აღნიშნა კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930