13-09-2023
„უაღრესად მნიშვნელოვანია დაბალანსებული ენერგეტიკული პოლიტიკის არსებობა, რომელიც, ენერგოეფექტურობისა და ენერგიის დაზოგვის მხარდაჭერის პარალელურად, ითვალისწინებს ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერასა და ამ სექტორში ახალი და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ UNECE - ს (გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის) ორგანიზებით მიმდინარე მაღალი დონის მდგრადი ენერგეტიკის კომიტეტის 32-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. რომეო მიქაუტაძე აღნიშნული კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეა.
რომეო მიქაუტაძემ თავის გამოსვლაში შეეხო ევროპის კონტინენტზე მდგრადი ენერგეტიკული სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პარიზის შეთანხმების მიზნებისა და 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მისაღწევად კონტინენტზე ენერგეტიკული სისტემის ტრანსფორმაცია აუცილებელია. მისი თქმით, სუფთა ენერგიის გაცვლის მოცულობის გასაზრდელად და ელექტროენერგიით ქვეყნებს შორის ვაჭრობის მხარდასაჭერად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები ელექტროენერგიის ბაზრისა და ვაჭრობის მექანიზმის გარდასაქმნელად. „ასეთი ტრანსფორმაციის მიზანია განახლებადი ენერგიის გენერირების ობიექტების, გადაცემის სისტემების, სავაჭრო ინსტრუმენტების განვითარება და, იმავდროულად, საინვესტიციო რისკების შემცირების მექანიზმის გაუმჯობესება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის მეტ ხელმისაწვდომობას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიით ვაჭრობა სხვა კონკურენტულ ბაზრებზე," - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკული სექტორის დიგიტალიზაციას და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე და ისაუბრა UNECE - ს პლატფორმაზე ენერგეტიკული სისტემებისთვის, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული. მისი ინფორმაციით, პლატფორმა ხელს შეუწყობს წევრ ქვეყნებს შორის შესაძლებლობების გაძლიერებას და მდგრადი ენერგეტიკული სისტემების შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ბარიერების მოხსნას.
კომიტეტის დღის წესრიგშია ისეთი საკითხების გადაწყვეტა, როგორიცაა რეგიონში მდგრადი ენერგეტიკული სისტემების ხელშეწყობა; ენერგეტიკული დაკავშირებადობის გაუმჯობესება; ენერგეტიკული სექტორის გაციფრულება; მდგრადი ენერგეტიკული სისტემების პლატფორმის ამოქმედება და სხვ.
მდგრადი ენერგეტიკის კომიტეტის 32-ე სესიის ფარგლებში, რომეო მიქაუტაძე ასევე ისაუბრებს ენერგეტიკული დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე საქართველოს მაგალითზე და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობას განიხილავს.
16-11-2024
16-11-2024