გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარმა 147-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა

15-09-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ახლად რეაბილიტირებულ თბილისის 147-ე საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა.


გიორგი ამილახვარი: „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - სკოლებში ახალი სასწავლო წელი დავიწყეთ და ქვეყნის მასშტაბით წელს 55 000-ზე მეტი პირველკლასელი მივიღეთ.


სკოლები სრულ მზადყოფნაშია - გამართულია ინფრასტრუქტურა, ყველასთვის გათვალისწინებულია სახელმძღვანელოები და ბუკები. ახალ სასწავლო წელს ვხვდებით მნიშვნელოვანი სიახლეებით. როგორც პირველ, ასევე მეორე კლასელთათვის სავალდებულოა ჭადრაკის გაკვეთილები. ფართოვდება პროექტის „სამხედრო საქმე‘‘ მასშტაბები, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ბავშვებში და იყო ამის დიდი მოთხოვნა.


სკოლებში იქნება გათვალისწინებული დამატებითი კლასგარეშე, არაფორმალური აქტივობები როგორც სპორტული, ასევე საგანმანათლებლო, რომ ჩვენს ბავშვებს უფრო მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესი ჰქონდეთ.


მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. შედეგად, ჩვენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველვყოფთ თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრებულ, უსაფრთხო, ადაპტირებულ გარემოს ყველა ბავშვისთვის. მასშტაბური პროექტების განხორციელებით უახლოეს 2-3 წელიწადში ყველა საჯარო სკოლა საქართველოში ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.


პირველკლასელებს და მათ მშობლებს განსაკუთრებულად მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც ემოციური, საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსეა. ყველას ვუსურვებ წარმატებულ, ბედნიერ სასწავლო წელს. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთპასუხისმგებლობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სკოლებში უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი ხელმისაწვდომობა ზოგად განათლებაზე.‘‘

 

თბილისის 147-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი სრულად რეაბილიტირებულ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში დაიწყეს.


თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში, სადაც 2 150 მოსწავლე სწავლობს,  ჩატარდა 2 671 218.67 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში გარემონტდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, სააქტო და სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები და სამედიცინო ოთახი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის – მოწყობილია პანდუსი, ადაპტირებულია სველი წერტილები და დამონტაჟებულია ლიფტი.


აღსანიშნავია, რომ სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაწყებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც სკოლების მასშტაბურ მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2027 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.


რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930