გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო პროცესი განახლდა

15-09-2023

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაარსებიდან 13 წელი გავიდა. ლიცეუმმა იუბილე და სასწავლო პროცესის დაწყება გელათის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე აღნიშნა. საზეიმო ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ. მათ კადეტებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს და ლიცეუმის, როგორც მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო დაწესებულების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.


ღონისძიებაზე კადეტებმა კადეტის მრწამსი წაიკითხეს, მოგვიანებით კი, კულტურული პროგრამის ფარგლებში, ლიტერატურული კომპოზიცია „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ წარმოადგინეს.


ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით, საშტატო იარაღითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.


კადეტები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ დალოცა. საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, კადეტების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.


კადეტთა სამხედრო ლიცეუმს 2014 წელს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი მიენიჭა. ლიცეუმი საქართველოში ერთადერთი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც სამხედრო მომზადებასა და ამავდროულად ზოგადი განათლების მიღებას უზრუნველყოფს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა აღმოსავლეთ საქართველოშიც მიმდინარეობს. 2023-2024 სასწავლო წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი სიახლით ხვდება. საქართველოს თავდაცვის ძალებსა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოსთან შეთანხმებით, შეიცვალა კადეტების უნიფორმა. დღეიდან ისინი ახალ, გენერალ გიორგი კვინიტაძის სამხედრო ფორმის ანალოგ ფორმას ატარებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930