გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

19-09-2023

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა.


„დღეს, როგორც მოგეხსენებათ, შედგა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, სადაც, ტრადიციულად, ვიმსჯელეთ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, განვიხილეთ საპარლამენტო დღის წესრიგის საკითხები.


რა თქმა უნდა, მსჯელობა შეეხო სუს-ის განცხადებასაც. ნამდვილად შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ. რა თქმა უნდა, ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული იმისათვის, რომ აღიკვეთოს ვითარების არევის ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი პროვოკაცია, მით უმეტეს, ისეთი მძიმე პროვოკაციები, რომლებზეც იყო საუბარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, ჩვენი საუბარი შეეხო ევროკავშირთან დაკავშირებულ თემებს.


როგორც მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ გაიმართა შეხვედრები და შესაბამისად, შედგა მოლაპარაკებები ევროკომისიის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ბატონ ჯოზეფ ბორელთან, ასევე, ევროკომისიის სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან.


ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა 4 საკითხი, რომელზეც ევროკომისიას სურს პროგრესის ხილვა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე. საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს, ამაზე შევჯერდით დღეს, უმრავლესობის სხდომაზე და მინდა შევეხო ოთხივე საკითხს:


1. ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიეცემა. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას, ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან. სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ 2 მოსმენით მიღებულმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა. აქედან გამომდინარე, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ე.წ. პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა. ამავდროულად, მოვუწოდებთ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რომელიც 12 პრიორიტეტში იყო ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისათვის როგორც საქართველოში მოქმედი ოპოზიციის მხრიდან, ასევე, მასთან დაკავშირებული ევროპარლამენტარების თუ სხვა უცხოელი პოლიტიკოსების მიერ. ეს იყო პირველი საკითხი. დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით სრულად ვპასუხობთ ჩვენ ევროკომისიის მოთხოვნას.


2. ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე შედგა საუბარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დამატებით შესატან ცვლილებებზე. კონსულტაციების გათვალისწინებით, საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე შეიმუშავა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლომდე დაინიცირდება და გაეგზავნება ვენეციის კომისიას – ესეც იყო ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელსაც ასევე სრულად ვპასუხობთ.


3. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის საკითხს ეხება. პარლამენტი ამ კანონპროექტს მიმდინარე სასესიო კვირაში პირველი მოსმენით განიხილავს და მიიღებს. ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, კანონპროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე ასევე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში;


4. ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ვენეციის კომისიაში მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიგზავნება ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დაფუძნებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა.


ანუ იყო 4 ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც გაჟღერდა ბორელის მხრიდან, კოპმანის მხრიდან, ევროკომისიის მაღალი წარმომადგენლების მხრიდან და ოთხივე საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სრული რეაგირება, ყველა თემაზე გვაქვს სათანადო პასუხი.


გარდა ამისა, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, უახლოეს მომავალში „მანივალის“ რეკომენდაციების მიხედვით, დამტკიცდება ეროვნული რისკების შეფასების დოკუმენტი ფულის გათეთრების შესახებ;


ასევე, მომზადდება ადამიანის უფლებათა სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი;


ასევე, ევროკომისიაში გაიგზავნება ინფორმაცია 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების გამოვლენასთან და პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ;


გაგრძელდება როგორც საერთო, ისე დარგობრივი საკოორდინაციო შეხვედრების გამართვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ეს იყო 4 დამატებითი რეკომენდაცია, რომელიც წარმოგვიდგინა ევროკომისიამ და ოთხივეს სათანადოდ ვპასუხობთ.


როგორც ხედავთ, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა არ დატოვოს მინიმალური საბაბიც კი საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის კანდიდატის სტატუსზე კიდევ ერთხელ უარის სათქმელად.


ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რაც რადიკალურ ოპოზიციას გამოაცლის ხელოვნურ საბაბს ქვეყანაში რადიკალიზმის გასაღვივებლად და თვისებრივად შეამცირებს ე.წ. პოლარიზაციას, რომლის შენარჩუნება მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნეების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930