21-09-2023
„ჩვენი საზოგადოება ამ ეტაპზე მაყურებლის როლშია, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს - დგება დრო, როდესაც საკუთარი ქვეყნის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობა ხდება.“,- ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს, რადგან რადიკალური ოპოზიცია მორიგ არეულობას გეგმავს.
„ეს პროცესი, რომელიც გარედან დაგეგმილია, მიმდინარეობს დღეს. ის, რომ პროცესი გარედან არის დაგეგმილი, ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს. რადიკალური ოპოზიცია გახარიასთან და ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობს ამ პროცესში. მათ ის დაკვეთა, რაც „გლობალური ომის პარტიისგან“ ჰქონდათ, ვერ შეასრულეს. მაქვს კონტაქტები უცხოეთში და დადასტურებით ვიცი, რომ მარტის აქციების დროს, ამ აქციების რადიკალმა ორგანიზატორებმა დამკვეთებს დაურეკეს და ჰკითხეს, ხალხი გამოსულია და ახლა რა ვქნათო, რაზეც იქიდან პასუხი მიიღეს - „მაიდანი“ თქვენ მოაწყვეთ და ჩვენ გვეკითხებით რა უნდა ქნათო? ეს საკითხები ჩვენს წინაშე კვლავ დადგება. „გლობალური ომის პარტიამაც“ იცის, რომ ოპოზიცია სუსტი ძალაა, რომელსაც საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ.
დაკვეთა სააკაშვილმაც ვერ შეასრულა, რომელიც კონტეინერით შემოაპარეს. შეიძლება ჩანდეს, რომ რადგან რადიკალური ოპოზიცია სუსტია, მშვიდად უნდა ვიყოთ, მაგრამ ყველაზე საშიშია მშიშარა და მხდალი ადამიანი, რადგან მსხვერპლზე წამსვლელია. ამიტომ არის ეს „მაიდანის“ თემა შემოგდებული, რადგან დამკვეთებმა იციან, რომ ეს გაჭრის. ესენი მზად არიან გაწირონ შვილები და შვილების თაობა. ვნახეთ, რომ შვილები გაუშვეს წინა პლანზე და ისინი აკეთებდნენ ამ საქმეს - „მოლოტოვის კოქტეილი“ იქნებოდა თუ სხვა რამ. ამიტომ, ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან, მით უმეტეს, თუ დაკვეთას იღებენ. ამათ კამერების გარეშე რომ დაელაპარაკო, ცახცახებენ, მაგრამ აქციაზე გადიან, რადგან დაკვეთა აქვთ. თუმცა, ამასაც ვერ ასრულებენ. ძალიან კარგად და სწორად მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება.
ახლა აქცენტი აქვთ საქართველოს პრეზიდენტზე. მას ის როლი ექნება, რომ როგორც სუს-მა განაცხადა, არეულობას რომ მოაწყობენ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ამ დროს გამოჩნდება პრეზიდენტი ზურაბიშვილი და მას ქართველი ხალხისთვის ავანსად მისცემენ კანდიდატის სტატუსს. ეს სცენარია. ამიტომ, საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს. ძალიან კარგად მივდივართ, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ. როცა გადავრჩებით და მშვიდობას შევინარჩუნებთ, მერე ვისაუბროთ იმაზე, რა ხარვეზებიც შეიძლება იყოს ქვეყნის განვითარების პროცესში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024