გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ხიდურელი: ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი დარგია და „აწარმოე საქართველოში" ამ მიმართულებითაც შეიტანს საკუთარ წვლილს

25-09-2023

ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი დარგია და „აწარმოე საქართველოში" ამ მიმართულებითაც შეიტანს საკუთარ წვლილს, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა ენერგოკომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


მიხეილ ხიდურელმა ენერგოსექტორის წარმომადგენლებს სააგენტოს ახალი ეკონომიკური საქმიანობის - ელექტროენერგიის წარმოების ხელშემწყობი მექანიზმი გააცნო.


აღნიშნული ახალი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, სადგური აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდრო ენერგიას და მათი დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ აღემატებოდეს.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.


„როგორც იცით, მთავრობისა და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" ბიზნეს უნივერსალის პროგრამას დაამატა ახალი ეკონომიკური საქმიანობა - მცირე ჰესების, მზისა და ქარის ელექტროენერგიის პროექტები. საუბარია 0,5 მგვტ-მდე სიმძლავრის პროექტებზე. ამ კომპონენტის საშუალებით კომპანიებსა და კერძო პირებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩვენი სააგენტოს დახმარებით დაიწყონ ელექტროენერგიის წარმოება იქნება ეს საწარმოებისთვის, სასტუმროებისთვის, სხვა ობიექტებისთვის თუ პირადი მოხმარებისთვის", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.


"ბიზნეს უნივერსალის" პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, არსებული საწარმოების გაფართოების და გადაიარაღების ხელშეწყობა, აგრეთვე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით. მცირე ენერგეტიკის გარდა, „ბიზნეს უნივერსალის" პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ინდუსტრიული დარგი, სასტუმრო ინდუსტრია, ბალნეოლოგიური კურორტები, ტურისტული სერვისები, აგრო და ეკოტურისტული ინდუსტრია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031