27-09-2023
ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წამყვანი ექსპერტები ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ დაწესებულ ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებს, ძაღლების პოპულაციის მართვის თანამედროვე მიდგომებს, ცოფის პრევენციისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხებს სამუშაო ფორმატში განიხილავენ.
„საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) წარმომადგენლობით რეგიონულ შეხვედრას. კონფერენციის მიზანია WOAH სტანდარტებთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება და მათი სრულყოფილად დანერგვა. ამავდროულად, საქართველო უერთდება გამოწვევას და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ სტრატეგიას, რომელიც 2030 წლისთვის ძაღლისგან ადამიანის ცოფით დაავადების სრულად აღმოფხვრას გულისხმობს“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, WOAH-ის ევროპის რეგიონული კომისიის ბიუროს ვიცე-პრეზიდენტმა ვასილ ბასილაძემ.
„აღნიშნული ღონისძიების ორგანიზება უნიკალური შესაძლებლობაა, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო გვთავაზობს. ქართველი სპეციალისტები ძალიან დიდ ძალისხმევასა და რესურსს დებენ გლობალური მიზნის მიღწევაში, რაც გულისხმობს 2030 წლისთვის ადამიანებში ძაღლისგან გამოწვეული ცოფის შემთხვევების სრულ ელიმინაციას. ცოფთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა. მჯერა, რომ ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების დანერგვას რეგიონში ვეტერინარული მომსახურების გასაძლიერებლად“, - აღნიშნა WOAH -ის წარმომადგენელმა პაოლო დალა ვილამ.
სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად 270 ათასამდე ცხოველის ვაქცინაციასა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს ახორციელებს.
კონფერენცია სამდღიანია და მასში პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის, თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
16-11-2024
16-11-2024