გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა

29-09-2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები და აღნიშნეს, რომ ეკონომიკური კავშირების გამყარება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი ასპექტია. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ორივე ქვეყანა წარმატებით ახორციელებს მსოფლიო და რეგიონული მასშტაბის ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტებს.


განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორის ხუთეულშია, ხოლო 2022 წელს მეორე პოზიციაზე იყო ქვეყნის მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებს შორის. ამასთან, ხაზი გაესვა იმას, რომ საექსპორტო პოტენციალი დიდია და საქართველო დაინტერესებულია, გაზარდოს ისეთი პროდუქციის ექსპორტი აზერბაიჯანში, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, სურსათი, აზოტოვანი სასუქები, ცემენტი და სხვ. ქართულმა მხარემ ასევე მიაწოდა ინფორმაცია პლატფორმის - www. Tradewithgeorgia.com შესახებ და გამოთქვა იმედი, რომ აზერბაიჯანის საქმიანი წრეები მისი მეშვეობით შეძლებენ ორმხრივი სავაჭრო კავშირების კიდევ უფრო მეტად გამყარებას.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ინვესტიციის სფეროში. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია, შესთავაზოს აზერბაიჯანულ ინვესტორებს პროექტები ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი, ენერგეტიკა, აგრომრეწველობა, ლოგისტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მრეწველობა და სხვ.


განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი და რეგიონული პროექტების განვითარებაზე ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორებში. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა დაინტერესებულია საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი შუა დერეფნის განვითარებასა და ახალი სატრანზიტო ტვირთების მოზიდვაში. საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმდინარეობას. მხარეებმა ასევე განიხილეს ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზაზე არსებული ვითარება, აგრეთვე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დამატებითი ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობა.


განსაკუთრებით გაესვა ხაზი მასშტაბური პროექტის - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების საკითხს. აღინიშნა მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგეტიკული რესურსების ევროკავშირის ბაზრისთვის მისაწოდებლად.


შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, როგორც მნიშვნელოვან რეგიონულ პლატფორმაზე და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის დელეგაცია წარმოდგენილი იქნება მაღალ დონეზე და მას პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი უხელმძღვანელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930