29-09-2023
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით გათვალისწინებულია 300 მლნ ლარის დახარჯვა, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე 560 მლნ ლარი არის განსაზღვრული, გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის კი 180 მლნ ლარი გამოიყოფა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს ბიუჯეტის პირველი ვარიანტი წარადგინა, ოქტომბერში იგეგმება აქტიური მუშაობა სამინისტროებთან და სხვა უწყებებთან, მეორე ვარიანტს 5 ნოემბრამდე წარადგენენ და შემდეგ, ნოემბერში მესამე ვარიანტზე იგეგმება მუშაობა.
„რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ამ მიზნით გათვალისწინებულია 300 მლნ ლარის დახარჯვა 2024 ში. სოფლის მეურნეობის განვითარებაზე 560 მლნ ლარი არის განსაზღვრული. ასევე გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის 180 მლნ ლარი გამოიყოფა. ჯამში, ვფიქრობ ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოგვივიდა 2024-ის, კიდევ ვიმეორებ, ეს არის პირველი ვარიანტი, ოქტომბერში ვიმუშავებთ აქტიურად სამინისტროებთან, სხვა უწყებებთან, ასევე პარლამენტთან ერთად გვექნება აქტიური განხილვა. მეორე ვარიანტს წარვადგენთ 5 ნოემბრამდე და შემდეგ, ნოემბერი დაგვრჩება, რომ მესამე ვარიანტზეც ვიმუშაოთ პარლამენტთან ერთად. ეს არის ძირითადი მონახაზი, რაც მინდოდა თქვენთვის მეცნობებინა. შეჯამებისთვის ვიტყვი, რომ 2024 ში 85 მილიარდი ლარი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი. პერ კაპიტა ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8600 დოლარი გახდება უკვე და შედარებისთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის თითქმის გასამმაგება მთლიანი შიდა პროდუქტის, თუ შევადარებთ 2012 წელს. ბიუჯეტი, გითხრით, რომ 27,8 მილიარდი ლარი იქნება 2024-ში და დანარჩენზე მოგვიანებით დავაზუსტებთ და ვიმუშავებთ პარლამენტთან ერთად",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024